შოკო-ნუშის მაფინები მარწყვის მუსით
გთავაზობთ ნაზ, ჰაეროვან და არომატულ შოკო-მაფინებს მარწყვის მუსით. ძალიან გემრიელია, პირში დნება! აუცილებლად სინჯეთ, ადვილი მოსამზადებელია. მარწყვის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი კენკროვანი ან კენკროვანების ნარევი გამოიყენოთ. ზამთარში კი გაყინული კენკროვანებით გამოაცხვეთ.
მასალა 12 მაფინისათვის:
- 200 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 30 გ კაკაო
- 60 გ მარგარინი
- 1 კვერცხი
- 100 მლ ნაღები
- 100 მლ რძე
- 60 გ ნუში (თხილი ან ნიგოზი)
- 180 გ ფქვილი
- ¼ ჩკ მარილი
- 1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით
- 500 გ (დაახლოებით) მარწყვი და მცირეოდენი შაქარი დასატკბობად
მომზადება:
მოამზადეთ ნებისმიერი სახის ფორმები მაფინებისათვის. თუ თუნუქის ფორმას იყენებთ, წინასწარ ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.
შაქარი, ვანილიანი შაქარი, კაკაო და მარილი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ დარბილებული მარგარინი, კვერცხი და კარგად გათქვიფეთ. შეურიეთ ნაღები, რძე და შემდეგ დაფქული ნუში. დააცერით ფქვილი და გათქვიფეთ. ბოლოს ცომს შეურიეთ ძმარში გახსნილი სოდა.
ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმებში და გამოაცხვეთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
გამომცხვარი მაფინები ცხრილზე გააცივეთ და მორთეთ შაქრის პუდრით და მარწყვის მუსით.
მარწყვის მუსისათვის გარჩეული და გარეცხილი მარწყვი „ბლენდერით“ გათქვიფეთ, თუ გსურთ, დაატკბეთ გემოვნებით და მოასხით გაცივებულ მაფინებს.
მიირთვით გემრიელად!