ნუშის და ვაშლის ტორტი
გთავაზობთ ძალიან გემრიელ ნუშის და ვაშლის ტორტს მარციპანის ვაშლებით. ეს ნამცხვარი შეგიძლიათ მაფინებადაც გამოაცხოთ, ამ შემთხვევაში მასალა გაანახევრეთ.
მასალა:
- 4 კვერცხი,
- 200 გ კარაქი,
- 200 გ შაქარი,
- 200 გ ფქვილი,
- 200 გ დაფქული ნუში,
- 2 სკ გამაფხვიერებელი,
- 2-3 ცალი დიდი ვაშლი,
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი,
- მწიკვი მარილი
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ დარბილებული კარაქი, შეურიეთ ნუში, მარილი, დააცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი ვაშლი, კარგად აურიეთ, ჩაასხით ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა აუცილებლად ხის ჩხირით შევამოწმოთ.
შეგრილებულს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი, ან მოასხით დამდნარი შოკოლადი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ მარციპანის ვაშლებით მორთოთ. ამისათვის მზა, ნაყიდი მარციპანისაგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები, ყუნწის ადგილი ჩაუჩხვლიტეთ. წითელი საკვები საღებავი თხლად გადაუსვით ზედპირზე, ან გაუკეთეთ წითელი ზოლები. ყუნწისათვის ცოტა მარციპანს შეურიეთ კაკაო, მიეცით პატარა ყუნწის ფორმა და ჩასვით ყუნწის ადგილას. ფოთლების დასამზადებლად მარციპანს შეურიეთ მწვანე საკვები ფერი, ბასრი დანით გამოჭერით ფოთლები, დანითვე გაუკეთეთ ხაზები. ფოთოლი მიამაგრეთ ყუნწთან და მარციპანის ვაშლიც მზად არის!
ასე გამოიყურება მაფინებად გამომცხვარი იგივე ნამცხვარი:
მიირთვით გემრიელად!