მაჭკატები – ამერიკული ბლინები – American Pancakes
ძალიან გემრიელი, ფუმფულა და ადვილად მოსამზადებელი ბლინები-იდეალური საუზმე.
მასალა:
- 4 კვერცხი
- 75 გ შაქარი (შაქარი ნაკლები აქვს, გათვალისწინებულია, რომ რაიმე ტკბილთან მიირთმევთ)
- 250 მლ მაწონი ან კეფირი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი, ან ვანილი სხვა სახით
- მწიკვი მარილი
- 250 გ ფქვილი (დაახლოებით)
- ½ ჩკ სოდა ძმრით
- ცოტა გახეხილი ლიმნის კანი და წვენი (სურვილის მიხედვით)
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან ერთად, დაამატეთ მაწონი (ან კეფირი), ვანილი, მარილი, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი (ფქვილის რაოდენობა მიახლოებითია, თავიდან ცოტა დააკელით, თუ ცომი თხელი მოგეჩვენებათ, ნელა-ნელა უმატეთ). ცალკე ათქვიფეთ ცილები ღრუბლისებურად და კვერცხიან მასას ფრთხილად შეურიეთ კოვზით. ბოლოს სოდას დაასხით ძმარი და ცომში კარგად გაანაწილეთ კოვზით. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის ცომი.
გამოაცხვეთ ზომიერად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ტაფას ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება წესით აღარ უნდა დასჭირდეს. თუ შეატყობთ, რომ იკრავს, შეგიძლიათ პერიოდულად ისევ ცხიმიანი ქაღალდი გადაუსვათ ხოლმე.
მიირთვით სხვადასხვა ხილთან, ნეკერჩხლის სიროფთან ან ნუტელასთან ერთად. ძალიან უხდება კაკლის მურაბა ან სხვადასხვა ჯემები.
გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა: დღეს (10.09.2013) საღამოს ჩემი შვილის თხოვნით მაჭკატები გამოვაცხვე. მომზადების პროცესშირომ ვიყავი, თვალი ქილებში ჩასასხმელად მომზადებული ყურძნის მურაბისაკენ გამექცა… ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაჭკატები და ყურძნის მურაბა ერთმანეთს ძალიან მოუხდა. გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ.
უკაცრავად, რამდენი ცალი გამოდის დაახლოებით ამ რეცეპტით?
სოფიო, დაახლოებით 20 საშუალო ზომის ბლინი გამოდის. ბლინების რაოდენობა დამოკიდებულია მათ ზომაზე, ამიტომ ძნელია ზუსტი რაოდენობის მითითება. მადლობა ინტერესისათვის :)
დიდი მადლობა :> ახლა ვსინჯავ :)
არაფერს, სოფიო, წარმატებას გისურვებთ! მოხარული ვიქნები, თუ შედეგს გამიზიარებთ :)
Ukacravad da zemodan is mwvane fotlebi ra aris da chven romeli fotlebis gamoyeneba shegvidzliaa?
მარი, ეს ფოთლები არის პიტნა, რომელიც მხოლოდ დეკორაციისათვის გამოვიყენე :)