პასკა-მაფინები

On 23/04/2013 by letusc

გაგიზიარებთ სააღდგომო პასკის რეცეპტს, რომელიც ნედლი საფუარით მზადდება.

ტრადიციულად პასკას ცილინდრული ფორმით აცხობენ. გადავწყვიტე, ამჯერად მაფინების ფორმაში მეცადა.  ძალიან ლამაზები და გემრიელები გამოვიდა!

Ostern Muffin-Paska

მასალა:

  • 200 მლ რძე
  • 200 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 500 გ ფქვილი (დაახლოებით)
  • 20 გ ნედლი საფუარი
  • 1 სკ კონიაკი
  • 80 გ ქიშმიში
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
  • ½ ლიმონი (ცედრა და წვენი)
  • ¼ ჩკ დაფქული მუსკატის კაკალი
  • ¼ ჩკ ილი
  • დანის წვერით მარილი
  • ნეიტრალური გემოს ზეთი ცომის მოსაზელად

მომზადება:

საფუარი დაამტვრიეთ, მოათავსეთ პატარა ჯამში და დაუმატეთ 1 ჩკ შაქრის ფხვნილი. რძის საერთო რაოდენობიდან აიღეთ 3-4 სუფრის კოვზი, შეათბეთ (არ გააცხელოთ!) და საფუარს მოასხით. კარგად მოურიეთ და 15 წუთით დადგით თბილად ასაფუებლად.

მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დაასხით ცხელი რძე ნელა-ნელა და თან თქვიფეთ. დამატეთ დარბილებული კარაქი და ურიეთ დადნობამდე.  შეურიეთ მარილი, მუსკატი, ილი, ლიმნის გახეხილი კანი გამოწურული წვენით და ვანილი. კვერცხის ნარევს შეურიეთ აფუებული საფუარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დააცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომის ზელვისას ხელი ზეთში დაისველეთ. ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ჯამი თბილად შეახვიეთ და დადგით რამოდენიმე საათით გასაფუებლად.

მოამზადეთ მაფინის ფორმები. მეტალის ყალიბში ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.

ქიშმიშს მოასხით კონიაკი.

გაფუებული ცომი გადაზილეთ ზეთიანი ხელით. შეურიეთ ქიშმიში კონიაკიანად და კიდევ კარგად დაზილეთ. შემდეგ ზეთიანი ხელით გაანაწილეთ მაფინის ფორმებში ისე, რომ ფორმის 1/3 შეივსოს ცომით. ყალიბებს ისევ ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით გასაფუებლად.

paska-muffins-im-ofen

როცა ცომი გაფუვდება მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა ჩხირით შეამოწმეთ. გამომცხვარი მაფინები ცხრილზე გააცივეთ.

პასკა-მაფინები

გაცივებულ მაფინებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი ან მორთეთ სურვილისამებრ.

Ostern Muffin-Paska

მიირთვით გემრიელად! Smile

გისურვებთ ძალიან სასიამოვნო აღდგომის დღესასწაულს!

პ.ს. ამ რეცეპტით გამოვიდა 12  მაფინი და ერთი პატარა პასკა.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “პასკა-მაფინები”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *