ლობიოს შტრუდელი
ლობიოს შტრუდელი იგივე ლობიანია განსხვავებული დიზაინით – შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისათვის, ან ოჯახური სადილისათვის მოამზადოთ. დასაშვებია ვეგანებისა და მომარხულებისათვის, თუ ლობიოს ზეთით მოამზადებთ და ზედაპირზე კვერცხის გულს არ წააცხებთ.
მასალა:
ცომი:
- 250 გ ფქვილი
- 1 ჩკ მშრალი საფუარი
- 1 სკ მცენარეული ზეთი
- 0,5 ჩკ მარილი
- დაახლოებით 150-175 მლ სითხე (რძე და წყალი შერეული)
- 1 კვერცხის გული 1 ჩკ რძით
ლობიო:
- 300 გ ხმელი ლობიო
- 2 სკ ზეთი/კარაქი
- მარილი
მომზადება:
ლობიო:
მოხარშეთ ლობიო, ნახარში გადაწურეთ და ნახარშის ნაწილი შეინახეთ.
ლობიოს მოაყარეთ მარილი, დაასხით ზეთი/კარაქი, ბლენდერით დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ. ლობიოს უნდა ჰქონდეს სქელი ფაფის კონსისტენცია. სისქე ცვალეთ შენახული ნახარშით. გააცივეთ.
ცომი მოამზადეთ ხაჭაპურის რეცეპტის მიხედვით.
ცომი რომ ამოფუვდება, კიდევ ერთხელ ჩაზილეთ.
ღუმელი 200-220 გრადუსზე გაახურეთ.
საცხობ ფურცელზე ქაღალდი დაფინეთ. ცომი ზედვე გააბრტყელეთ და მიეცით მართკუთხედის ფორმა. მართკუთხედის შიდა მესამედზე სიგრძივად მოათავსეთ ლობიოს შიგთავსი. ლობიოს მარჯვნივ და მარცხნივ ცომი შეჭერით დანით 2 სმ-ან ზოლებად.
ამის შემდეგ დაიწყეთ შტრუდელის შეხვევა. ლობიოს ორივე ბოლოში ცომის კიდეები გადმოკეცეთ ლობიოზე. შემდეგ ერთ-ერთი ბოლოდან ცომის ზოლები მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მონაცვლეობით ირიბად გადმოფინეთ ლობიოზე, ვიდრე მეორე ბოლოს არ მიაღწევთ.
შტრუდელს ზედაპირზე კვერცხის და რძის ნარევი გადაუსვით ფუნჯის საშუალებით და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ., ვიდრე ოქროსფრად არ შეიბრაწება.
ლობიოს შტრუდელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. დაჭერით ბასრი დანით ვიწრო ნაჭრებად.
უხდება კიტრის ან სხვა მწნილეული.
მიირთვით გემრიელად!