შოკო-მაფინები გარგარის ჯემით
ეს გემრიელი და სახელდახელო მაფინები ბეეევრი კაკაოთი, კვერცხისა და რძის პროდუქტების გარეშეა მომზადებული და ვეგანებისა და მარხულებისათვის დასაშვებ ტკბილეულს წარმოადგენს. უადვილესია მოსამზადებლად. პროდუქტების ჩამონათვალი ერთმანეთს შეურიეთ, მაფინის ფორმებში გაანაწილეთ და გამოაცხვეთ. ძალიან უხდება გარგარის ან ატმის ჯემი. თქვენ შეგიძლიათ სხვაც სცადოთ. მორჩენილი ცომით პატარა ტორტუნა გავაკეთე ჟოლოთი – ესეც ძალიან გემრიელი გამოვიდა.
მასალა:
- 200 გ ფქვილი
- 3 სკ კაკაო
- 200 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- მწიკვი მარილი
- 250 მლ წყალი
- 50 გ მცენარეული ზეთი ნეიტრალური გემოთი
- 1 ჩკ სოდა
- 1 სკ ძმარი
მომზადება:
ღუმელი 175 გრადუსზე გააცხელეთ.
ფქვილი და კაკაო ჯამში გაცერით. შაქარი, ვანილიანი შაქარი და მარილი დაამატეთ და ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ფქვილის ნარევს წყალი და ზეთი დაასხით და ათქვიფეთ. ბოლოს ძმრიანი სოდაც დაუმატეთ ცომში კარგად გაანაწილეთ.
ცომი მაფინების ფორმებში გაანაწილეთ 2/3-მდე და დაახლოებით 25 წუთი გამოაცხვეთ.
აცალეთ გაცივება და ჯემთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.
ესეც მორჩენილი ცომის პატარა შოკო-ტორტი ჟოლოთი:
გემრიელად მიირთვით!