ხაჭაპური

On 02/12/2012 by letusc

დამეთანხმებით, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. ცომის სახეობის მიხედვით აცხობენ ხაჭაპურს საფუარიანი ცომით, ფენოვანი ცომით ან მაწვნიანი ცომით. შემოგთავაზებთ საფუარიანი ხაჭაპურის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებსა და სტუმრებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.

Chatschapuri

მასალა:

  • 1 კგ ფქვილი,
  • 3 ჩკ მშრალი საფუარი,
  • 4 სკ მცენარეული ზეთი,
  • 2 ჩკ მარილი,
  • 1 სკ შაქარი,
  • 600-700 მლ სითხე (რძე და წყალი შერეული),
  • 1 კგ ყველი,
  • 1 კვერცხი

მომზადება:

ფქვილი გაცერით საფუართან და მარილთან ერთად დიდ ჯამში, შეურიეთ შაქარიც. შუაში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით შიგნით 2 სკ ზეთი, ნელ-თბილი რძის და წყლის  ნარევის ნაწილი და დაიწყეთ ფქვილის შერევა. სითხე თანდათანობით ამატეთ და თან ზილეთ. სხვადასხვა სახის ფქვილს განსხვავებული რაოდენობის სითხე სჭირდება. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. ზელვის პროცესში ხელი პერიოდულად დაისველეთ დარჩენილ ზეთში და ზილეთ, სანამ ზეთი მთლიანად არ შეეზილება ცომს. ბოლოს ზედაპირზე თხლად გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.

სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: ჯამში ხელით დაფშვენით ყველი, ან გახეხეთ, შეურიეთ კვერცხი და კარგად აზილეთ.

გაფუებული ცომი გადაზილეთ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, გაყავით 3-4 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და ისევ გადააფარეთ ცელოფანი.

ყველიც გაყავით 3-4 ნაწილად.

ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.

აიღეთ ერთი გუნდა, ოდნავ დააბრტყელეთ (იხ. სურათი), ზევიდან დაადეთ ყველის ერთი ნაწილი, ცომს თავი მოუკარით და გააბრტყელეთ სასურველ სისქემდე და დიამეტრამდე. გაბრტყელებისას ეცადეთ ყველი თანაბრად გადაანაწილოთ. შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ ღუმელის ცივ ფურცელზე, ფორმა შეუსწორეთ, ზედაპირზე რამოდენიმე ხვრელი გაუკეთეთ და გამოაცხვეთ შუა დონეზე.

Teigvorbereitung

თუ ხაჭაპურს ზედაპირი გამოუცხვა და ძირი უმი დარჩა, შემდეგი ხაჭაპური ერთი დონით ქვევით გამოაცხვეთ.

ვიდრე პირველი ხაჭაპური ღუმელშია, დაიწყეთ მეორის მომზადება და ასე აცხვეთ, ცომის და ყველის დამთავრებამდე.

გამომცხვარ ცხელ ხაჭაპურს შეგიძლიათ კარაქი გადაუსვათ, ასე უფრო რბილი და ფაფუკი გამოვა. თუ პრიალა ზედაპირი მოგწონთ, გამოცხობამდე გადაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, თუ ხრამუნა ზედაპირი გირჩევიათ, ნურაფერს ნუ წაუსვავთ (როგორც სურათებშია).

fertige-Chatschapuri

მიირთვით ცხელი. ჩემს სტუმრებს მოსწონთ მწვანე სალათთან ერთად.

გაამოთ! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *