საშობაო ნიგვზის და კაკაოს ტორტი

On 29/12/2012 by letusc

საშობაო ნიგვზის და კაკაოს ტორტი საშობაო სუნელებით. მუსკატის კაკალი, დარიჩინი, ილი და ჯანჯაფილი არაჩვეულებრივ არომატს აძლევს ნამცხვარს. წელიწადის სხვა დროს სუნელების გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ, მათ გარეშეც ძალიან გემრიელია.

Weihnachtliche Walnuss-Schoko Torte

მასალა ბისკვიტისათვის:

  • 4 კვერცხი
  • 300 გ შაქარი
  • 200 მლ თხევადი ნაღები
  • 2 სკ თაფლი
  • 100 გ დაჭრილი ნიგოზი
  • 2 სკ კაკაო
  • 1 ლიმონი (ცედრა და წვენი)
  • მწიკვი მარილი,
  • დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ილი, ჯანჯაფილი თითოეული 1/2  ჩკ
  • 1 სკ კონიაკი (ან სხვა ალკოჰოლი)
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი, ან ცოტა სუფთა ვანილი
  •  225 გ ფქვილი (დაახლოებით)
  • 1 ჩკ სოდა ძმრით

მასალა კრემისათვის:

  • 500 მლ რძე
  • 125 გ შაქარი
  • 75 გ ფქვილი
  • 100 გ დარბილებული კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 ჩკ ხსნადი ყავა (სურვილისამებრ)
  • 1 ჩკ კონიაკი

მომზადება:

ბისკვიტი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა, შეურიეთ თაფლი, გაცრილი კაკაო, ლიმონის ცედრა და წვენი, მარილი, სუნელები, ვანილი, კონიაკი, ნიგოზი და კარგად მოურიეთ კოვზით. შემდეგ დააცერით ფქვილი და კოვზით მოურიეთ. ბოლოს დაამატეთ სოდა ძმრით და კოვზით კარგად შეურიეთ ცომს.

ცომი ჩაასხით ქაღალდჩაფენილ მრგვალ ფორმაში (24-26 სმ დიამეტრით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთი (ცხობის ხანგრძლივობა ღუმელის თავისებურებებზეა დამოკიდებული). გამომცხვარი  ნამცხვარი ცოტა გააგრილეთ, გვერდები შემოხსენით, გაშლილ ხელისგულზე გადმოაბრუნეთ, საცხომი ფორმის ძირი და ქაღალდი სწრაფად მოხსენით, ცხრილზე გადააბრუნეთ და ასე გააცივეთ ბოლომდე.

კრემი:

ფქვილში შეურიეთ შაქარი, გახსენით 100 მლ რძეში, დანარჩენი რძე (400 მლ) წამოადუღეთ და ნელა ჩაასხით ნარევში, თან განუწყვეტლად ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ფაფას მჭიდროდ გადააკარით კულინარული ცელოფანი, ისე, რომ კრემის ზედაპირს მთლიანად ეხებოდეს. რომ გაცივდება, კარფად ათქვიფეთ, შეათქვიფეთ წინასწარ სითეთრემდე გათქვეფილი კარაქი, დაამატეთ ვანილი, ყავა, კონიაკი და კარგად შეურიეთ კრემს.

გაცივებულ ბისკვიტს შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაფრქვიოთ, ან დამდნარი შოკოლადი მოასხათ, ასეც ძალიან გემრიელია.

weihnachtliche-torte

ან  კრემით მორთეთ შემდეგნაირად: გადააჭერით ბისკვიტს ბასრი, გრძელი დანით მომრგვალებული „თავი“, მოჭრილი ნაწილი ხელით დააქუცმაცეთ. შემდეგ გაჭერით ბისკვიტი ჰორიზონტალურად, შეაერთეთ ფირფიტები კრემით, გვერდებს და ზედაპირსაც წაუსვით და  მოაფრქვიეთ დაქუცმაცებული მასა. მორთეთ რაიმე ლამაზი ხილით, მაგალითად კენკრით, ან კივით, ან სხვა რაც გნებავთ. მე გაყინული ჟოლო გამოვიყენე.

Weihnachtliche Walnuss-Schoko Torte

რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში, რომ კრემი გაუჯდეს.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *