მარწყვის და შოკოლადის ტორტი
მარწყვის და შოკოლადის ტორტი ჩემი მეგობარი წყვილისათვის გამოვაცხვე. ტორტმა ქართულ-გერმანულ-იტალიურ – ინტერნაციონალურ სუფრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. უგემრიელესია, სცადეთ.
მასალა 24 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:
ცომი:
- 5 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 40 გ კაკაო
- 120გ ქფვილი
- 50 გ კარტოფილის ფქვილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 100 მლ წყალი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩკ სოდა
- 1 ჩკ ღვინის ძმარი
კრემი:
- 5-6 კვერცხის გული (ზომის მიხედვით)
- 230 გ შაქარი
- 100 გ ფქვილი
- 50 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
- 250 მლ ოთახის ტემპერატურის რძე
- 750 მლ ცხელი რძე
- 1 სკ კონიაკი
- 40-50 გ კაკაო
- 150 გ კარაქი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 500 გ მარწყვი
- 20 გ შოკოლადის ფილა დეკორაციისათვის
მომზადება:
ბისკვიტი:
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
24 სმ დიამეტრიან მრგვალ ყალიბში ქაღალდი ჩაფინეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ ნახევარ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. გარეცხეთ და გაამშრალეთ მიქსერის ფრთები და ათქვიფეთ კვერცხის ცილები ღრუბლისებურად, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ გათქვეფილი ცილა ფრთხილად შეურიეთ გულების მასას. გამაფხვიერებელი, კარტოფილის ფქვილი, მარილი, კაკაო შეურიეთ ფქვილს, დააცერით გათქვეფილ მასას და ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ცომს დაასხით წყალი და ამოურიეთ. ბოლოს დაამატეთ სოდა ძმრით და კოვზის მორევით კარგად გადაანაწილეთ. ცომი ჩაასხით ყალიბში და შედგით ღუმელში 30-40 წუთით.
მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ბისკვიტი 10 წუთი დატოვეთ ყალიბში, შემდეგ გვერდები და ძირი მოხსენით და ცხრილზე გააცივეთ.
კრემი:
რძე აადუღეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი და ცივი რძე ნაწილ-ნაწილ და მორიგეობით და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით მდუღარე რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ბუშტების გამოჩენისთანავე კრემი მზად არის. მოხარშულ კრემს ცხელსვე შეურიეთ კარაქი და ვანილიანი შაქარი და კარგად გახსენით კრემში. შემდეგ ზედაპირზე გადააფარეთ კულინარული ცელოფანი ისე, რომ ცელოფანი კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს და აცალეთ მთლიანად გაცივება.
გაცივებული კრემი ათქვიფეთ, შეურიეთ გაცრილი კაკაო და კონიაკი და კიდევ ათქვიფეთ მიქსერით.
ტორტის აწყობა:
ვიდრე კრემი გაცივდება, გარეცხეთ მარწყვი და გასაშრობად ტილოზე დააწყვეთ. 13-15 ლამაზი მარწყვი მოსართავად გადაინახეთ, დანარჩენს კი ყუნწები მოაცილეთ და შუაზე გაჭერით.
ბისკვიტი ბასრი, გრძელი დანით გაჭერით სამ ჰორიზინტალურ ნაწილად. ქვედა ფენა დადეთ შესაფერისი ზომის თეფშზე (ლანგარზე) და წაუსვით კრემის ნაწილი. დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა, მოაწყვეთ გაჭრილი მარწყვები, კრემის თხელი ფენა გადაუსვით, რომ ბისკვიტის ზედა ფენა დაიმაგროს და არ გადაცურდეს. შემდეგ დაადეთ ზედა ფენაც და ტორტს ზევიდან და გვერდებზე წაუსვით კრემი. თუ ტორტის კრემით მორთვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ კრემი მოსართავადაც გადაინახოთ. კრემი ჩადეთ შპრიცში და მორთეთ ტორტი. მოაწყვეთ მთლიანი, ყუნწიანი მარწყვები და მოაფრქვიეთ გახეხილი შოკოლადი.
სუფრაზე მიტანამდე მარწყვის და შოკოლადის ტორტი რამოდენიმე საათით ან მთელი ღამით მაცივარში დაასვენეთ.
მიირთვით გემრიელად!