ტორტი ჩიტის რძე
ძალიან გემრიელი და პოპულარული ტორტი ჩიტის რძე ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობია და შეიძლება თქვენს კულინარულ რვეულში გაქვთ კიდეც რეცეპტის ეს ან სხვა ვარიანტი ჩანიშნული. ჩემს ძველ რვეულშიც პირველივე გვერდზე იკავებს საპატიო ადგილს.
რადგან სრულფასოვანი, მრავალფეროვანი და გემრიელი კვება ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ამიტომ მიყვარს კერძების და ტკბილეულის „გაჯანსაღება“ ხილით, ბოსტნეულით ან სრულმარცვლოვანი პროდუქტებით.
ამჯერად ჩიტის რძე ჟოლოთი „გავაჯანსაღე“ (ჩემს შვილს უყვარს) და კიდევ უფრო მეტად გავაგემრიელე. ძალიან უხდება სხვადასხვა ჯემებიც.
მასალა:
ცომი:
- 3 კვერცხის გული
- 0,5 ჭიქა (250 მილილიტრიანი) შაქარი
- 75 გ კარაქი
- 0,5 ჭ რძე
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 0,75 ჭ ფქვილი
- 1-2 სკ კაკაო
- მწიკვი მარილი
- 0,5 ჩკ სოდა და 1 სკ ძმარი
ბეზე:
- 3 კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- 0,5 ჭ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- რამოდენიმე წვეთი ლიმონის ესენცია
შოკოლადის მინანქარი:
- 5 ჩკ კაკაო
- 5 ჩკ შაქრი
- 5 ჩკ კარაქი
- 5 სკ რძე
კენკროვნები ან ჯემი სურვილისამებრ. მე გამოვიყენე დაახლოებით 200 გრამი გაყინული ჟოლო, რომელიც წინასწარ მიკროტალღოვან ღუმელში დავადნე.
მომზადება:
ღუმელი გაახურეთ 175-180 გრადუსზე.
მოამზადეთ 24 სმ დიამეტრის საცხობი ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება. ჩაფინეთ ძირში ქაღალდი. შემდეგ ქაღალდისაგან გამოჭერით 8-10 სმ სიგანის ზოლი. ამ ზოლს ერთ გრძელ მხარეზე მაკრატლით 1 სმ-ს სიღმის ჭრილები გაუკეთეთ დაახლოებით 2 სმ-ის გამოტოვებით. ყალიბის ძირზე დაფენილ ქაღალდს კედლის ძირში წაუსვით კარაქი და გამოჭრილი ზოლი ყალიბის შიდა კედელს ამოუფინეთ ისე, რომ ჩაჭრილი ნაწილები ძირზე მოეფინოს და დაეკრას. ზოლის ბოლოები ცოტა უნდა გადავიდეს ერთმანეთზე. ასე ყალიბის ძირიც და გვერდებიც დაფარული გექნებათ ქაღალდით, ნამცხვრის გვერდებიც ლამაზი და გლუვი გამოგივათ და ფორმაც ადვილი გასარეცხი იქნება.
გააცალკევეთ კვერცხების გული და ცილა. ცილები მშრალი, სუფთა ჯამით და შეინახეთ მაცივარში.
ცომის მოსაზელად მასალის ჩამონათვალიდან ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, დაამატეთ კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა. ნელა ნელა შეათქვიფეთ რძეც.
ფქვილი, კაკაო და მარილი ერთად გაცერით ცალკე ჯამში და ფრთხილად შეურიეთ კვერცხის ნარევს კოვზით. ეცადეთ, ფქვილი არ შეწებდეს. ბოლოს სოდის და ძმრის ნარევი დაამატეთ ცომს და კარგად გაანაწილეთ კოვზით. ცომი ჩაასხით მომზადებულ ყალიბში და გამოაცხვეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შეამოწმეთ ხის ჩხირით-ცომი არ უნდა ეკვროდეს ჩხირს, მაგრამ ბოლომდეც არ უნდა იყოს გამომცხვარი.
სანამ ნამცხვარი ღუმელშია, მოამზადეთ ბეზე შემდეგნაირად: ცივი ცილები გათქვიფეთ ცოტა მარილთან ერთად სუფთა და მშრალი ფრთებიანი მიქსერით ღრუბლისებური მასის მიღებამდე. ნელა ნელა უმატეთ შაქარი და ვანილიანი შაქარი და თქვიფეთ განუწყვეტლად. დაამატეთ ლიმნის ესენცია. უნდა მიიღოთ სქელი კრემისებრი მასა.
გამოცხობას მიახლოებული ნამცხვარი გამოიღეთ ღუმლიდან, ზედაპირზე მოაწყვეთ კენკროვანები ან წაუსვით რომელიმე ჯემი და გადაუსვით ათქვეფილი ბეზე, გრძელი დანის საშუალებით კარგად გადაასწორეთ და შეაბრუნეთ ღუმელში 5 წუთით. მიეცით ზედა ცეცხლი.
ბეზეს ზედაპირი ოდნავ უნდა შევარდისფერდეს. გამოიღეთ ღუმლიდან და 5 წუთი დატოვეთ ყალიბში. შემდეგ გადაიტანეთ ლანგარზე, შემოაცალეთ მეტალის გვერდები და თუ მოახერხებთ, მეტალის ძირიც გამოაცალეთ (ან შეგიძლიათ ძირი დაუტოვოთ). ამის შემდეგ ძალიან ფრთხილად შემოაცალეთ ქაღალდის გვერდები და აცალეთ გაცივება.
მოამზადეთ მინანქარი: პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ მინანქრის მასალის ჩამონათვალი და დადგით ნელ ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, მზად არის. თუ მინანქარი სქელი კონსისტენციის მოგეჩვენებათ, ცოტა რძე დაამატეთ და წამოადუღეთ. გაითვალისწინეთ, რომ მინანქარი გაცივებით სქელდება, ამიტომ უნდა შეარჩიოთ საჭირო ტემპერატურა და კონსისტენცია გამოყენებისათვის.
მინანქრის სხვა რეცეპტი შეგიძლიათ აქაც ნახოთ.
ტორტი მორთეთ მინანქრით თქვენი გემოვნებით.
მიირთვით გემრიელად!