ჩურჩხელა

On 07/02/2014 by letusc

ყველასათვის საყვარელი ნუგბარი – ჩურჩხელა არც თუ ისე ძნელი გასაკეთებელია, როგორც, ალბათ, ბევრს ჰგონია. Smile
როგორც იცით, არსებობს თათარის და ჩურჩხელის მომზადების მრავალნაირი ვარიანტი, მე ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ.

Tschurtschchela-Walnuss-Trauben Dessert
თათარის მოსამზადებლად საჭიროა ბადაგი (ტკბილსაც ეძახიან) და რუხი ფქვილი. ბადაგი თეთრი ყურძნის წვენისაგან მზადდება. ფქვილის ხარისხზე და ბადაგისა და ფქვილის პროპორციებზეა დამოკიდებული თათარის სისქე და ჩურჩხელის ელასტიურობა. ჩურჩხელის გასაკეთებლად იყენებენ ნიგოზს, თხილს ან გამშრალ ხილს. მე ნიგოზი გამოვიყენე.

მასალა:

  • 7 ლ ყურძნის წვენი (მივიღე 3,5 ლ ბადაგი, საიდანაც დაახლოებით 1,5 ლ გამოვიყენე ფქვილის გასახსნელად)
  • 700-800 გ რუხი ფქვილი (დაახლოებით)
  • 600 გ ნიგოზი

დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი, რომელიც ნაკლებად იწვავს, ხელის სათქვეფი, ან მიქსერი, საცერი, ჯამები, ხის კოვზი, სქელი ნემსი, ბამბის სქელი ძაფი, გრძელი ჯოხი.

ბადაგის მოსამზადებლად საჭიროა ახლად დაწურული, ან ნაყიდი თეთრი ყუძნის წვენი. მე გამოვიყენე სუპერმარკეტში ნაყიდი ნატურალური ყუძნის წვენი.
თათარის მოსამზადებლად გამოიყენება რუხი ფქვილი. ფქვილის ხარისხი და სახეობები სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავდება. ამის გამო, რეცეპტით მომზადებულ თათარას შეიძლება განსხვავებული კონსისტენცია ჰქონდეს. მაგრამ ფქვილის (ბადაგში უნდა გახსნათ დასამატებლადაც), ან ბადაგის დამატებით შეგიძლიათ თათარის სისქე სურვილისამებრ შეცვალოთ. მე გამოვიყენე ხორბლის მუქი (სრულმარცვლოვანი) ფქვილი.

მომზადება:

ნიგვზის ასხმა:
ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ და დაჭერით ლებნის მეოთხედ ნაწილებად. ძაფი ასასხმელად წინასწარ უნდა მოამზადოთ – დაჭრათ 25 სანტიმეტრიან მონაკვეთებად დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი ჩურჩხელების მოსამზადებლად. ასასხმელად გამოიყენეთ ბამბის სქელი ძაფი, ან თხელი ძაფი ორად მოკეცეთ და გამონასკვეთ. ნიგვზის ასხმა დაწყეთ მოზრდილი ზომის ლებნის ნაჭერით და სიმაგრისათვის ორჯერ ამოუყარეთ ძაფი. ძაფის ბოლო 5 სანტიმეტრი თავისუფალი დატოვეთ ყულფის (სახელურის) ჩასაბმელად. ნიგვზის ასხმას რომ დაამთავრებთ, მოამზადეთ ძაფი ყულფებისათვის. აქაც წინასწარ გადაზომეთ სასურველი ზომის მონაკვეთები. ყულფის ძაფი უნდა იყოს საკმარისად მტკიცე, რომ ჩურჩხელის სიმძიმეს გაუძლოს. ყულფის მოსაბმელად გადანასკვეთ ორად მოკეცილი ყულფის ძაფის ბოლოები აბნეული ნიგვზის მორჩენილ ძაფთან რამოდენიმეჯერ!!! დარწმუნდით, რომ კვანძი მყარია.

walnuss-zubereitung

ძაფის ნარჩენები შეგიძლიათ მაკრატლით შეამოკლოთ, ოღონდ ძირში ნუ მოაჭრით!!! თუ დიდი რაოდენობით ჩურჩხელის გაკეთებას აპირებთ და ზამთრისათვის შენახვას, მაშინ ასე ასხმული ნიგოზი რამოდენიმე დღე გასაშრობად დაკიდეთ, რომ ნიგოზი კარგად გამოშრეს და ნესტი არ შეჰყვეს.

ბადაგისა და თათარს მომზადება:
ყურძნის წვენი ჩაასხით ქვაბში და ადუღეთ, ვიდრე არ განახევრდება. ბადაგი უკვე მზადაა. 7 ლ წვენიდან მიიღებთ 3,5 ლ ბადაგს. აქედან ამოიღეთ დაახლოებით 1,5 ლ და შეაგრილეთ. დანარჩენი ბადაგი დატოვეთ ქვაბში.
ფქვილი გაცერით და გახსენით ოდნავ თბილ (ქვაბიდან ამოღებულ 1,5 ლ) ბადაგში ხელის სათქვეფის ან მიქსერის დახმარებით. გაატარეთ საცერში, რომ შეწებებული ფქვილის კოლტები არ შეჰყვეს. შემდეგ დაამატეთ ეს მასა ქვაბში დატოვებულ ცხელ ბადაგს ნელა-ნელა, თან განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება. თათარა უნდა გამოვიდეს საკმაოდ სქელი მასა, რომელიც კოვზიდან მძიმედ ვარდება. თუ ზედმეტად სქელი გამოგივიდათ, ნელა-ნელა დაუმატეთ გაცხელებული ბადაგი, თუ თხელია, ცოტაოდენი ფქვილი გახსენით თბილ ბადაგში და დაუმატეთ. დუღილის პროცესში ხშირად უნდა ურიოთ, განსაკუთრებით ძირზე, რომ არ მიიწვას.
როცა მასა ცოტა გამუქდება, კარგად გასქელდება, ბუშტები გაუჩნდება და ფქვილის გემო გაუქრება, თათარა მზად არის ჩურჩხელის გასავლებად. ჩურჩხელის გავლების პროცესში თათარა დატოვეთ ნელ ცეცხლზე და პერიოდულად ამოურიეთ.

გავლება:
თითოეული ჩურჩხელა ნელ-ნელა ჩაუშვით ქვაბში, კოვზით ფრთხილად უბიძგეთ ჩურჩხელის წვერს და ჩაყურსეთ თათარაში, ასე მიჰყევით, სანამ მთელი ჩურჩხელა ყულფამდე არ ჩაიძირება. შემდეგ კოვზით ფრთხილად გადაასწორეთ თათარა, რომ ლამაზი ჩურჩხელა გამოგივიდეთ და დაიწყეთ ნელა-ნელა ჩურჩხელის ამოქაჩვა თათარიდან.

tschurtschchelas-zubereitung

p1100768

თუ თათარას საკმარისი სისქე აქვს, გავლების შემდეგ არ უნდა ჩამოიღვენთოს. თუ გნებავთ, უფრო სქელი ჩურჩხელა მიიღოთ, ჩურჩხელები მეორეჯერ გაავლეთ. კარგად ნადუღი თათარისაგან გამოდის ელასტიური და რბილი ჩურჩხელები, რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს სირბილეს. მომზადებული ჩურჩხელები თანდათანობით წამოაცვით ჯოხებზე და ასე გააშრეთ.

p1100788

ჩურჩხელებს შორის იმდენი მანძილი დატოვეთ, რომ ერთმანეთს არ შეეხოს. გაშრობის შემდეგ ჩურჩხელა შეინახეთ ტილოს პარკში, ან ყუთში გრილ და მშრად ადგილას.

Tschurtschchela

3,5 ლ ბადაგით და 600 გ ნიგვზით გამომივიდა 30 ცალი დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი ჩურჩხელა და 3 თეფში თათარა.

ნარჩენი თათარით გავაკეთეთ “თეფშის ჩურჩხელა”  Smile – მორჩენილ თათარას შევურიეთ დაჭრილი მოხალული ნიგოზი (უფრო წვრილად დაჭრილი, ვიდრე ჩურჩხელისათვის, ეს ნიგოზი ჩურჩხელის 600 გრამში არ შედის!) და თეფშებზე გავანაწილეთ. ძალიან  გემრიელია.

p1100779
 
მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *