ლეღვის ტარტი
წარმოგიდგენთ გემრიელ და სასარგებლო ტარტს ჩემი საყვარელი ხილით-ლეღვით. ლეღვის ტარტი სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე, რაც ნამცხვარს ლეღვის არომატთან ერთად არაჩვეულებრივ გემოს აძლევს.
სრულმარცვლოვანი ფქვილს აწარმოებენ მარცვლოვანების მთლიანი მარცვლიდან, რომელსაც არ აქვს მოცილებული კანი. სწორედ კანია მდიდარი ცილებით, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, B1 და B2 ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით, მაგალითად მაგნიუმით, კალციუმით და რკინით.
ლეღვი მდიდარია A, C, B ჯგუფის ვიტამინებით, ცილებით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და რკინით.
ტარტი მომზადებულია შაქრის, კვერცხის და რძის პროდუქტების გარეშე, ასე, რომ ვეგანებისა და მარხულებისთვის ნებადართულია. ვეგანებს შეუძლიათ თაფლი შაქრით ჩაანაცვლონ.
არ შეიცავს ლაქტოზას.
ლეღვის ტარტი ადვილი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელია. აუცილებლად სინჯეთ.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ტარტის ფორმისათვის:
ძირისათვის:
- 250 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 125 გ მარგარინი/კარაქი
- 65 გ თაფლი (ნეიტრალური გემოთი)
- 3-5 სკ წყალი (საჭიროების მიხედვით)
- მწიკვი მარილი
- ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
ხილის ფენისათვის:
- 2-3 სკ თაფლი
- 3 სკ დაფქული ნიგოზი, თხილი ან ნუში
- 10-12 მწიფე ლეღვი
- 1 შეკვრა ვანილიანი პუდინგი (სურვილით)
- დათლილი ნუში ან დაჭრილი ნიგოზი მოსართავად
- კარაქი ფორმაზე წასასმელად
მომზადება:
ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ჩაამატეთ ცივი, თხლად დაჭრილი მარგარინი ან კარაქი, თაფლი, წყალი 3 სკ და მოზილეთ ცომი. თუ ცომი არ შეიკრა 1-2 სკ წყალი კიდევ დაამატეთ. ცომისაგან გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ კულინარულ ცელოფანში და 30-60 წთ მაცივარში გააცივეთ.
ვიდრე ცომი გაცივდება მოამზადეთ ლეღვი: შეარჩიეთ მწიფე ლეღვები, გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაჭერით და გაჭერით ვერტკალურად 4 ან 8 ნაწილად (ზომის მიხედვით).
ტარტის ფორმას ძირზე და გვერდებზე წააცხეთ კარაქი. თუ ისეთი ფორმა გაქვთ, რომელსაც გვერდები ეხსნება, ძირში ჩაუფინეთ ქაღალდი და გვერდებზე წააცხეთ კარაქი.
გაცივებული ცომი გააბრტყელეთ ფორმის დიამეტრზე ოდნავ დიდად, ჩაფინეთ ფორმაში, დატკეპნეთ და გვერდები „ამოაშენეთ“. ზედაპირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ და თაფლი გადაუსვით.
თაფლიან ზედაპირზე მოაფრქვიეთ ნუში ან ნიგოზი, გადაანაწილეთ დაჭრილი ლეღვი, მოაფრქვიეთ დათლილი ნუში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
ლეღვის ტარტი გააცივეთ და მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: ლეღვის ტარტს აგრეთვე უხდება თბილ-თბილი ვანილის პუდინგი.
პუდინგი მოამზადეთ პარკზე აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით და თბილი გამოიყენეთ.