გოზინაყი
გოზინაყი ყველასათვის საყვარელი საახალწლო ნუგბარია. მისი მომზადება ძნელი არ არის, მაგრამ დროისა და ყურადღების ინვესტირებას მოითხოვს. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც უგემრიელეს გოზინაყს მოამზადებთ. გოზინაყის კონსისტენცია დამოკიდებულია თაფლია ხარისხზე, „დუღილის“ ფაზის ხანგრძლივობაძე და ხარისხზე. კარგად „ნადუღი“ თაფლით მომზადებული გოზინაყი ნათელი ფერის და ხრამუნაა და რამოდენიმე კვირა სიგრილეში კონსისტენციის შეუცვლელად ინახება. თუ რბილი გოზინაყი გიყვართ, თაფლი ნაკლები უნდა ადუღოთ. „დუღილს“ პირობითად ეძახიან თაფლის მომზადების პროცესს, მაგრამ უნდა ეცადოთ თაფლი არ აგიდუღდეთ, გოზინაყი მომწარო და მუქი გამოვა!
მასალა:
- 500 გ უცეცხლო თაფლი,
- 1 კგ ნიგოზი
მომზადება:
ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ ღუმელში. გაცივებულს შეეცადეთ კანი მოაშოროთ. დაჭერით წვრილ ნაჭრებად.
გოზინაყის მოსამზადებლად შეარჩიეთ ნატურალური, სასურველია უცეცხლო, მსუბუქი გემოს თაფლი.
დაიწყეთ მოდუღება: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით თაფლი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ ხის კოვზით. „დუღილის“ მთელი პროცესის განმავლობაში თაფლი უნდა იდგეს ძალიან დაბალ ცეცხლზე!!! არ უნდა ადუღდეს!!! ჩემი რჩევაა, არ დატოვოთ თაფლი უყურადღებოდ და მხოლოდ მაშინ დადგით გასაცხელებლად, თუ სამზარეულოში ფუსფუსებთ და შეგიძლიათ თვალყურის დევნება და ხშირი მორევა. რომ გაცხელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. ასე გაიმეორეთ, ვიდრე თაფლი მზად არ იქნება. დუღილის პროცესში თაფლი კონსისტენციას შეიცვლის-გაცივებისას ძალიან გამაგრდება ხოლმე, მაგრამ გათბობით ისევ მორბილდება. თაფლის მზადყოფნას ასე შეამოწმებთ: ჭიქაში ჩაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ ცხელი თაფლი. თუ წვეთმა თითებში ფორმა შეინარჩუნა, მზად არის ნიგვზის შესარევად.
გასბრტყელებლად წინასწარ მოამზადეთ რამოდენიმე ხის დაფა, პატარა ჯამი წყლით, სადილის კოვზი და საბრტყელებელი ჯოხი.
ცხელ თაფლში ჩაყარეთ ნიგოზი, ძლიერად ურიეთ ხის კოვზით, რომ თაფლი კარგად შეერიოს ნიგოზს. ბოლოს ძნელი მოსარევი გახდება. დატოვეთ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი და დაიწყეთ გოზინაყის გაბრტყელება.
დაასველეთ დაფის ზედაპირი, დადეთ ზედ თაფლის და ნიგოზის ნარევის ნაწილი, მასა ჯერ გადაანაწილეთ სველი კოვზით, და გააგრძელეთ გაბრტყელება სველი ჯოხით. ეცადეთ სწრაფად იმუშაოთ, რომ გოზინაყი არ გაგიმაგრდეთ და შეძლოთ კარგად გაბრტყელება. მოსახერხებელია, როცა რამოდენიმე ადამიანი პარალელურად აბრტყელებს, რადგან თაფლისა და ნიგვზის ნარევი სწრაფად მაგრდება.
გააბრტყელეთ დაახლოებით 0,5 სმ სისქეზე და ბასრი დანით მაშინვე დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად. ასე გაიმეორეთ, ვიდრე მასალა არ გამოგელევათ.
გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და გრილად შეინახეთ.
მიირთვით გემრიელად!
რჩევის სახით: როგორც უკვე მოგახსენეთ, „დუღილის“ პროცესში თაფლი მხოლოდ უნდა გაცხელდეს და არ ადუღდეს. შემდეგ უნდა გაცივდეს და ასე გაიმეოროთ, ვიდრე არ „მოდუღდება“. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პრიცესია. გირჩევთ, თაფლის მოდუღება რამოდენიმე დღით ადრე დაიწყოთ და სტრესის გარეშე ადუღოთ, როცა დრო მოგეცემათ.
ეს კი თაფლის დუღილის ჩემეული მეთოდია
მომწერეთ, თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ .
პ.ს. გოზინაყის კეთება შეგიძლიათ ძალიან სასიამოვნო საახალწლო რიტუალად გადააქციოთ, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. ძალიან კარგია ფუნქციების განაწილება-ზოგი აბრტყელებს, ზოგი ჭრის. სუსნაობა, რა საკვირველია, გოზინაყის კეთების აუცილებელი და სასიამოვნო თანმდევია.
[…] benötigen eine warme Honig-Walnuss Mischung nach dem Gosinaki Rezept und eine […]