ბეზეს ტორტი

On 29/04/2014 by letusc

წარმოგიდგენთ უგემრიელესი ნამცხვრის – ბეზეს ტორტის – რეცეპტს ჩემი ძველი რვეულიდან. გამოცხობა რთული არ არის, გარკვეულ დროს კი მოითხოვს, რადგან ბეზეს გამოშრობისათვის რამოდენიმე საათი სჭირდება. მეც, უდროობის გამო, დიდი ხანია აღარ გამომიცხვია.
მაგრამ, მერწმუნეთ, დროის ინვესტირება ნამდვილად ღირს ასეთი გემრიელი ნამცხვრისათვის.

 

Baiser-Torte

 

მასალა 28X40 სმ ფორმისათვის:

ცომი:

  • 10 კვერცხის გული
  • 230 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 2 ჩკ სოდა ძმრით
  • 300 გ ფქვილი

ბეზეს ფენა:

  • 4 კვერცხის ცილა
  • 1 ჭ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • მწიკვი მარილი

ბეზეს “სოკოები”:

  • 4 კვერცხის ცილა
  • 1 ჭ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • მწიკვი მარილი

კრემი:

  • 7 კვერცხის გული
  • 230 გ შაქარი
  • 4 სკ ფქვილი
  • 750 მლ ცხელი რძე
  • 200 გ კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1-2 სკ ხსნადი ყავა
  • 1 სკ კონიაკი
  • 100 გ ნუში, თხილი ან ნიგოზი

მინანქარი:

  • 2 სკ კაკაო
  • 120 გ შაქარი
  • 2 სკ ცივი რძე
  • 50-80 გ კარაქი

მომზადება:

ბისკვიტი:
კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად, შეათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ სოდა ძმრით და ფქვილი. ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი თანაბრად გადაანაწილეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხობას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. ასევე გამოაცხვეთ ცომის მეორე ნახევარი.

ბეზეს ფენა:

ცილა გათქვიფეთ მარილთან ერთად მყარი “ღრუბელის” მიღებამდე. თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი. თანაბრად გაანაწილეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და აცხვეთ 100 გრადუსზე მინიმუმ სამი საათის განმავლობაში. მე მთელი ღამე დავტოვე 100 გრადუსზე ოდნავ კარგამოღებულ ღუმელში.

ბეზეს “სოკოები”:
ცილა გათქვიფეთ მარილთან ერთად მყარი “ღრუბელის” მიღებამდე. თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი. ბეზე მოათავსეთ კულინარულ შპრიცში ან ტომარაში და ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე დასვით 35-40 დაახლოებით 3-4 სმ დიამეტრის “სოკო”. აცხვეთ 100 გრადუსზე სამი საათი.

კრემი:
კვერცხის გულები ქვაბში ათქვიფეთ შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ ფქვილიც. შემდეგ ნელა-ნელა ამატეთ ცხელი რძე და თქვიფთ განუწყვეტლივ. დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე და კრემი მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. პირველი ბუშტის გამოჩენისთანავე კრემი მზადაა. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, კრემს ცხელსვე შეურიეთ კარაქი და ვანილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დააფარეთ კულინარული ცელოფანი ისე, რომ ცელოფანი მჭიდროდ ეკვროდეს ზედაპირს და აცალეთ გაცივება. რომ გაცივდება, მიქსერით გათქვიფეთ, შეურიეთ კონიაკში გახსნილი ყავა და წაუსვით ნამცხვარს.

მინანქარი:

კაკაო, შაქარი და რძე შეურიეთ პატარა ქვაბში, დაამატეთ კარაქი და ნელ ცეცხლზე მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. მინანქარი რომ შეგრილდება და შესქელდება, მოასხით ნამცხვარს. ცოტა მოიტოვეთ სოკოებზე მოსაწვეთებლად.

“აწყობა”

როცა ტორტის ყველა ნაწილი მზად გექნებათ, შეუდექით “აწყობას”: კრემი გაყავით სამ ნაწილად. შესაფერის ფორმაში ჩადეთ ნამცხვრის პირველი ფენა, წაუსვით კრემის 1/3, დაადეთ ბეზეს ფენა (ფრთხილად, მსხვრევადია!!!), წაუსვით კრემის მეორე მესამედი,

 

 

Baiser

 

დააფარეთ ნამცხვრის მეორე ფენა და გადაუსვით დარჩენილი კრემი. შეგრილებული მინანქარი მოასხით ტორტს,
ზედაპირზე მოაწყვეთ “სოკოები” და მოაწვეთეთ მორჩენილი მინანქარი. მოაფრქვიეთ ნიგოზი.

 

P1120607

 
ბეზეს ტორტი რამოდენიმე საათით მაცივარში დაასვენეთ. ამასობაში კრემი გაუჯდება და დარბილდება. სუფრასთან დაჭრილი მიიტანეთ. დაჭერით ისე, რომ თითო ნაჭერზე თითო “სოკო” მოხვდეს.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *