ღორის ნეკნები როზმარინიანი ქამა სოკოთი
შებრაწული ღორის ნეკნები ჩემი სისუსტეა, სოკოც ძალიან მიყვარს. ჰოდა წარმოგიდგენთ ამ ორი გემრიელობის არაჩვეულებრივ კომბინაციას – ღორის ნეკნები როზმარინიანი ქამა სოკოთი. არ შეიცავს გლუტენს.
ეს კერძი ჩემმა შვილმა მოამზადა. თქვენც სინჯეთ, ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძია.
მასალა:
- 500 გ ღორის ნეკნები
- 500 გ ყავისფერი ან თეთრი ქამა სოკო
- 1-2 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- 2-3 პატარა ტოტი როზმარინი
- 2 სკ მზესუმზირის ზეთი
- მარილი და პილპილი
- 50-100 მლ ნაღები
მომზადება:
ნეკნები გარეცხეთ, შეაშრეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთხელ გადააბრუნეთ.
ნეკნები ნახევრად რომ შეიწვება, დაიწყეთ სოკოს მომზადება. სოკოებს წყალი სწრაფად გადაავლეთ, შეაშრეთ, გაფცქვენით და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ასევე მსხვილ ნაჭრებად დაჭერით ხახვი. თაფაზე ზეთი გააცხელეთ და ხახვი, სოკო, დაკეპილი ნიორი და როზმარინის ტოტები ზომიერ ცეცხლზე ჩაშუშეთ. პერიოდულად მოურიეთ. სოკო რომ მორბილდება, მარილით და პილპილით შეკმაზეთ, ნაღები დაამატეთ, გემო კიდევ გაუსინჯეთ, დაამატეთ თუ რაიმე აკლია და ცხელ-ცხელ ნეკნებთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა: ვისაც ნივრის ინტენსიური გემო მოსწონს, ნიორი თავიდანვე კი არა, ნაღების დამატებამდე დაამატოს.