ქათმის მკერდი სოკოთი
ქათმის მკერდი სოკოთი ჩემს შვილთან ერთად მოვამზადე, უფრო სწორად ის იყო შეფმზარეული, მე – დამხმარე პერსონალი და აგრეთვე ფოტოგრაფი. ჩვენს თანამშრომლობას ჰარმონიული ხასიათი ჰქონდა და ორივეს სიამოვნება მოგვანიჭა. შედეგად უგემრიელესი კერძი მოვამზადეთ ვახშმისათვის. თქვენც სცადეთ, ადვილი მოსამზადებელია. გარნირად მოხარშული კაგაუცლელი ბრინჯი მიატანეთ.
მასალა 3-4 ულუფისათვის:
- 1 კგ ქამა სოკო
- 500 გ ქათმის მკერდი
- 2 თავი ხახვი
- პილპილი და მარილი გემოვნოვნებით
- 2 კბილი ნიორი
- ზეთი შესაწველად
- 3-4 ტოტი როზმარინი
- 200-300 გ ნაღები
- 250 გ ბრინჯი (დაახლოებით)
მომზადება:
სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაასუფთავეთ, გაფცქვენით, ფეხი რამოდენიმე მილიმეტრზე გადაჭერით და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.
ქათმის ხორცი გარეცხეთ, შეაშრეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და ზომიერ ცეცხლზე მსუბუქად შებრაწეთ.
მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი, ტაფიდან ამოიღეთ და თბილად შეინახეთ (ტაფაში რომ ჩატოვოთ ცხიმს შეიწოვს და კერძს კალორიები მოემატება).
დიდ ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოშუშეთ, სოკო და როზმარინის ტოტებიც ჩაამატეთ და ზომიერ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა. სოკო რომ მორბილდება, მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ. შემდეგ შემწვარი ხორცის ნაჭრები და წვრილად დაკეპილი ნიორი და ნაღები დაამატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. გემო გასინჯეთ და თუ რამე აკლია, დაუმატეთ. ერთხელ წამოადუღეთ და თბილი მიიტანეთ სუფრასთან მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!