ღორის სუკი სტაფილოთი და მდოგვით
დაბალნახშირწყლოვანი და ცილებით მდიდარი კერძი – ღორის სუკი სტაფილოთი და მდოგვით – უგემრიელესი და მარტივი კერძია. ამ კერძის მსგავსი კერძი „ღორის სუკი სატაცურით“ უკვე გაგაცანით. სუკს ძალიან მოუხდა სტაფილოს შიგთავსიც, ოდნავ მოტკბო და არომატული.
მასალა ორი ულუფისათვის:
- 400-450 გ სუკი (მთლიანი)
- 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
- 1-2 სკ მდოგვი
- 1-2 კბილი ნიორი
- ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი
- მარილი და პილპილი
- 1-2 სკ ზეთი
- 500 გ ბროკოლი
მომზადება:
სუკი დაამუშავეთ ისე, როგორც „ღორის სუკი სატაცურით“ რეცეპტშია აღწერილი.
სუკს შიგნიდან და გარედან მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ. შიდა ზედაპირზე წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი, მდოგვი, მოაფრქვიეთ ქინძი და დააწყვეთ სიგრძივად სტაფილო. სტაფილო ძალიან სქელი არ უნდა იყოს, რომ ხორცის გადახვევა შეძლოთ. ხორცი შემოახვიეთ სტაფილოს და მეტალის ან ხის ჩხირებით დაამაგრეთ. ცეცხლგამძლე ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ, წააცხეთ ზეთი, ცენტრში მოათავსეთ სუკი და შეწვით გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 220 გრადუსზე. ერთხელ გადააბრუნეთ.
ვიდრე ხორცი ღუმელშია, მოამზადეთ ბროკოლი.
შემწვარ სუკს მოაცალეთ ძაფი და ჩხირები, ბასრი დანით დაჭერით, შემოუწყვეთ ბროკოლის ნაწილები და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.
მიირთვით გემრიელად!