ჩაშუშული ხორცი ბრინჯით და სტაფილოთი

On 09/11/2014 by letusc

ეს ძალიან გემრიელი და მარტივი კერძი ჩემი შვილის უკრაინელი მეგობრის მამისაგან ლიდსში (ინგლისში) ცხოვრებისას ვისწავლე. გვანცამ ეს კერძი თავის მეგობართან სტუმრობისას გასინჯა და ძალიან მოეწონა. ბერლინში უკან დაბრუნების წინ მამამ  რეცეპტი დამიწერა და დარიგებებიც მომცა. სამწუხაროდ, არ ვიცი ამ კერძის წარმომავლობა, რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს ეკუთვნის, თუ გვანცას მეგობრის მამის ფანტაზიის ნაყოფია. მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ. მოგეწონებათ, სცადეთ აუცილებლად! Smile

 

Fleisch-Karotten-Reis Eintopf

 

მასალა:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 5-6 ცალი დიდი სტაფილო
  • 250-300 გ გრძელმარცვალა ბრინჯი
  • 5 კბილი ნიორი (გაუფცქვნელი)
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • პატარა კონა ქინძი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ქვაბში ჩააასხით ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თანაბრად გადაანაწილეთ. შემდეგ ფენაზე პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი გადაანაწილეთ, შემდეგ სართულზე-გახეხილი სტაფილო და შემდეგ-დაჭრილი ქინძი. მოაყარეთ ბრინჯი თანაბრად. ნივრის კბილები მსუბუქი დაწოლით ჩაყურსეთ ბრინჯში. თითოეული ფენა შეკმაზეთ პილპილით.

 

Fleisch-Karotten Gericht

 

 

შემდეგ დაასხით მარილით შეკმაზული ცხელი წყალი ბრინჯის დონემდე და დადგით მოსახარშად. ადუღებამდე მიეცით მაღალი ცეცხლი, რომ ადუღდება, დაუწიეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ხარშვისას მორევა არ შეიძლება, რადგან კერძმა ფენები უნდა შეინარჩუნოს. თუ ხორცი ჯერ არ არის მოხარშული და წყალი ამოშრა, დაამატეთ ადუღებული და მარილით შეკმაზული წყალი. ხორცი და ბრინჯი რომ მოიხარშება, წყალიც უნდა იყოს უკვე თითქმის ამომშრალი. მომზადებული კერძი თეფშზე ამოიღეთ შემდეგნაირად: აიღეთ სადილის კოვზზე დიდი კოვზი, ჩააცურეთ ქვაბის კედელთან ახლოს ფსკერამდე და შეეცადეთ ყველა ფენა – ხორცი, სტაფილო და ბრინჯი ერთდროულად ამოიღოთ (ქვაბის კედელზე ამოაცუროთ) და თეფშზე მოათავსოთ.
მოაფრქვიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *