სახელდახელო სრულმარცვლოვანი პური
სახელდახელო სრულმარცვლოვანი პური შეგიძლიათ იფქლის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილით გამოაცხოთ. ცომი გაფუებას არ საჭიროებს, მოზელვის შემდეგ მაშინვე აცხობთ. ძალიან უხდება კარაქი, ძეხვები, ყველი, თაფლი და სხვადასხვა ჯემები. იდეალურია საუზმისათვის, უადვილესია გამოსაცხობად.
სრულმარცვლოვანი პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე მოკლედ უკვე ვისაუბრეთ სრულმარცვლოვანი სპაგეტი ბოლონეზეს რეცეპტის შესავალში.
გაგახსენებთ, რომ სრულმარცვლოვანი ფქვილს აწარმოებენ მარცვლოვანების მთლიანი მარცვლიდან, რომელსაც არ აქვს მოცილებული კანი. სწორედ კანია მდიდარი ცილებით, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, B1 და B2 ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით, მაგალითად მაგნიუმით, კალციუმით და რკინით. რთული ნახშირწყლები, რომლებსაც სრულმარცვლოვანი საკვები შეიცავს, დიდხანს ჩერდება კუჭში, ჯირჯვდება და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
სახელდახელო სრულმარცვლოვან პურს დამატებული აქვს ძალიან სასარგებლო მცენარის-სელის მარცვლები, რომლებიც შეიცავს გაუჯერებელ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას, ასევე B1, B2, B6 ვიტამინებს, ცილებს, ნიკოტინის და ფოლიუმის მჟავას და მრავალ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
პურის შემდეგი შემადგენელი ნაწილებია მზესუმზირის მარცვლები და ნიგოზი და აქედან გამომდინარე, მდიდარია A, D, E, F, K, B ჯგუფის ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავებით, კაროტინით, კალციუმით, კალიუმით, იოდით, მაგნიუმით, მცენარეული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით.
როგორც ხედავთ სახელდახელო სრულმარცვლოვანი პურში თავმოყროლია ორგანიზმისათვის საჭირო მთელი რიგი ვიტამინები, არაორგანული ელემენტები, ცილები და ცხიმოვანი მჟავები.
გარდა იმისა, რომ სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული საკვები სასარგებლოა, ძალიან გემრიელიცა. აუცილებლად სინჯეთ, ძალიან მოგეწონებათ!
მასალა:
ამ მასალით გამოდის ორი „აგურის“ პური ან ერთი „აგური“ და 24 მაფინ-პურები.
- 1 კგ იფქლის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 3 ჩკ მარილი
- 100 გ მზესუმზირის მარცვლები
- 100 გ ნიგოზი
- 100 გ სელის მარცვლები
- 4 სკ ძმარი
- 85 გ ნედლი საფუარი (2 კუბი)
- 2 ჩკ შაქარი
- დაახლოებით 900 მლ ნელ-თბილი წყალი
- ცოტაოდენი შვრიის ფანტელი და მზესუმზირა პურის ზედაპირზე მოსაფრქვევად.
მომზადება:
პურის ფორმებს ცხიმი წააცხეთ.
საფუარი ჯამში დააქუცმაცეთ, შაქარი მოაფრქვიეთ და 150 მლ თბილი წყალი დაასხით. მოურიეთ და 15-20 წუთი დატოვეთ.
მოზრდილ ჯამში ფქვილი, მარცვლების ნარევი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, შუაში ღრმული გააკეთეთ და საფუარის ხსნარი ჩაასხით, ძმარი და 900 მლ-დან დარჩენილი ნელთბილი წყალი თანდათანობით ჩაამატეთ და მოზილეთ ცომი.
ცომი პურის ფორმებში გაანაწილეთ, ზედაპირზე სველი ხელი გადაუსვით, შვრიის ფანტელები და მზესუმზირას მარცვლები მოაყარეთ, ხელით ოდნავ უბიძგეთ, რომ ცომმა მარცვლები მიიკრას. პატარა ცეცხლგამძლე ფორმაში ჩაასხით წყალი და ღუმელის ძირზე დადგით. ფორმები შედგით ცივ ღუმელში და 180-200 გრადუსზე 50-60 წუთი გამოაცხვეთ.
შეაგრილეთ, ფორმიდან გამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.
მიირთვით გემრიელად!
[…] Schnelles Walnussbrot Schnelles Vollkornbrot Ruck zuck Vollkornbrot Category : Brot, Festlich, Hefeteig, Teig, Vegane Rezepte, […]