სწრაფი სრულმარცვლოვანი პური

On 15/09/2013 by letusc

სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან კი მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმიანობის გამო არც თუ ისე ბევრი დრო მრჩება ამისათვის. ამიტომ სულ ვცდილობ ისეთი კერძები (როგორც მარილიანი, ასევე ტკბილი) მოვამზადო, რომ სასარგებლოც იყოს, გემრიელიც და სახელდახელოც.

ზუსტად ასეთია „სწრაფი სრულმარცვლოვანი პური“, რომელიც აფუებას არ საჭიროებს. მოზილეთ თხელი ცომი ხორბლის ან რბილი ხორბლის, იგივე იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილით, შეურიეთ მზესუმზირა, სელის თესლი ან დაჭრილი ნიგოზი და შედგით ღუმელში. ცოტა ხანში არაჩვეულებრივი სურნელი გააავსებს მთელ სახლს და დაახლოებით ერთ საათში პურიც მზადაა.

გემოზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ნათქვამს დავუმატებ, რომ ამ პურს ერთი ნაკლი აქვს – შეიძლება ნაყიდი პური აღარ მოგეწონოთ. Smile

გამოაცხვეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.

Ruck zuck Vollkornbrot

მასალა:

  • 500 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
  • 1 სკ მარილი
  • 100 გ მზესუმსირა (ან მეტი)
  • 1 კუბი ნედლი საფუარი (42 გ)
  • 500 მლ ნელთბილი წყალი (დაახლოებით)
  • ცოტაოდენი შვრიის ფანტელი და მზესუმზირა

მომზადება:

სილიკონის ან მეტალის ფორმას (მრგვალი ან კუთხეებიანი) წააცხეთ კარაქი.

ფქვილი გაატარეთ მსხვილ საცერში ან სათქვეფით კარგად „ათქვიფეთ“ რომ ჰაერით გამდიდრდეს და კარგად ამოფუვდეს. დაამატეთ მარილი, დაქუცმაცებული საფუარი, ჩაასხით წყალი და მოზილეთ თხელი ცომი. ზილეთ დაახლოებით 5-7 წუთი. ცომი ჯამის გვერდებზე მოცილებას რომ დაიწყებს, უკვე მზადაა გამოსაცხობად. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში, თანაბრად გადაანაწილეთ, სველი ხელით ზედაპირი გადაასწორეთ და მოაყარეთ მზესუმზირა ან/და შვრიის ფანტელები, ყაყაჩოს თესლი ან სეზამის მარცვლები.

Ruck zuck Vollkornbrot

პატარა ზომის ცეცხლგამძლე ფორმაში ჩაასხით ცხელი წყალი და დადგით  ღუმელის ძირზე.

პური შედგით ცივ ღუმელში და 200-220 გრადუსზე 50-60 წუთი აცხვეთ.

გამომცხვარი პური ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

Ruck zuck Vollkornbrot

სწრაფი სრულმარცვლოვანი პური ძალიან გემრიელია სალათებთან, ყველთან, ძეხვეულთან, მურაბებთან, თაფლთან და ჯემებთან.

Ruck zuck Vollkornbrot

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *