ქიშმიშიანი ლოკოკინები პუდინგით
ქიშმიშიანი ლოკოკინები პუდინგით არის ფენოვანი ცომისაგან მომზადებული გემრიელი და ხრამუნა პატარა ნამცხვრები. ვეგანებმა და მარხულებმა პუდინგის ნაცვლად შაქრის ფხვნილი და ქიშმიში მოაფრქვიონ ცომს.
მასალა:
- 1 შეკვრა ფენოვანი ცომი (275 გ)
- 20 გ კარტოფილის ფქვილი
- 40 გ შაქარი
- 100 გ ქიშმიში
- 2 ჩკ გარგარის ჯემი, ან მურაბა
- 250 მლ რძე
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- დაჭრილი ნუში ან ნიგოზი
- 1 კვერცხის გული
მომზადება:
მოხარშეთ პუდინგი შემდეგნაირად: კარტოფილის ფქვილი, ვანილიანი შაქარი და შაქარი გახსენით რძეში, შედგით მიკროტალღოვან ღუმელში გასქელებამდე, პერიოდულად ურიეთ. ან დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე მუდმივი რევით. პუდინგს ზედაპირზე მჭიდროდ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და გააცივეთ.
ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე.
ფენოვანი ცომი გაშალეთ ფიცარზე, გადაუსვით გაცივებული პუდინგი, მოაყარეთ ქიშმიში, დაჭრილი ნუში და გადაახვიეთ რულეტისებურად.
ბასრი დანით ჩამოჭერით დაახლოებით 3 სმ-იანი რგოლები, ჭრილით დადეთ ქაღალდიან ფორმაზე, ზედაპირზე ფუნჯით გადაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და შედგით ღუმელში. ლოკოკინები რომ ამოფუვდება და ფერის შეცვლას დაიწყებს, დაუწიეთ ტემპერატურას 200 გრადუსამდე და გამოაცხვეთ სასურველ კონსისტენციამდე. ცხელს გადაუსვით ცოტა წყალთან გაცხელებული გარგარის ჯემი.
გარგარის ჯემის მაგივრად შეგიძლიათ სხვა, მაგალითად ქლიავის ჯემი გადაუსვათ გამომცხვარ ლოკოკინებს – ასეც ძალიან გემრიელია.
მიირთვით თბილი გემრიელად!