საშობაო ნიგვზის სურნელოვანი ხრამუნები
მასალა:
- 10 სკ შაქარი
- 100 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 350 გ რბილი ხორბლის (იფქლი) სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 150 წმინდად დაფქული ნიგოზი
- დაფქული დარიჩინი, მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი თითოეული 1/2 ჩკ
- 2 ჩკ გახეხილი ლიმნის კანი
- 1 მწიკვი მარილი
- 2 სკ კონიაკი
- 50 გ გარეცხილი ქიშმიში
- 50 გ შოკოლადის ფილა
- ნიგვზის ნახევარი ლებნები
მომზადება:
კონიაკში ჩაყარეთ ლიმნის კანი, სუნელები და კარგად აურიეთ.
შაქარი და რბილი კარაქი გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები და გააგრძელეთ თქვეფა. ფქვილი, ნიგოზი, კონიაკიანი სუნელები, მარილი და ქიშმიში დაუმატეთ და მოზილეთ ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომისაგან გააკეთეთ 4-5 სმ დიამეტრის „ძეხვი“ და სამზარეულო ცელოფანში გახვეული 1 საათი მაცივარში „დაასვენეთ“.
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
გაცივებული ცომიდან 2 სმ სისქის რგოლები ჩამოჭერით, ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე ჰორიზონტალური მიმართულებით დააწყვეთ და 15-20 წუთი აცხვეთ. აცალეთ გაცივება.
დამტვრეული შოკოლადი ორთქლზე, ან მიკროტალღოვან ღუმელში დაადნეთ, თითოეულ ხრამუნას ზედაპირზე გადაუსვით და მაშინვე „დააწებეთ“ ნიგვზის ნახევარი ლებანი.
თუ ნაკლები შოკოლადით გესიამოვნებათ, მაშინ დამდნარი შოკოლადი წაუსვით გადმობრუნებულ ლებანს და ხრამუნას „დააწებეთ“.
ნიგვზის მაგივრად შეგიძლიათ კაკლის მურაბით გააფორმოთ-უგემრიელესია!
გრილად შეინახეთ.
მრავალფეროვნებისათვის შეგიძლიათ ეს ხრამუნები სხვა დიზაინითაც გამოაცხოთ: მოზილეთ ცომი ზემოთ აღწერილი მასალით, გამოაკელით მხოლოდ ქიშმიში. გაცივების შემდეგ ცომი 1 სმ სიბრტყეზე გააბრტყელეთ, საშობაო მოტივების ფიგურები გამოჭერით და 10-15 წუთი აცხვეთ. გაცივებული ხრამუნები სურვილისამებრ მორთეთ.
მიირთვით გემრიელად!