ფორთოხლის ნამცხვარი
Let us cook-ის მკითხველი და მეგობარი ნინო გვარაძე კვლავ გვიზიარებს თავისი მორიგი კულინარული ექსპერიმენტის შედეგს და გვთავაზობს ძალიან გემრიელ ფორთოხლის ნამცხვარს.
ნინო, დიდი მადლობა რეცეპტისათვის, ძალიან გემრიელად გამოიყურება.
მასალა:
ცომი:
- 4 კვერცხი
- 50 გრ მარგარინი ან კარაქი
- 350 გ შაქარი
- 3 ცალი ფორთოხალი
- 300 გ ფქვილი
- 2 სკ კარტოფილის სახამებელი
- 1 ჩკ სოდა
- მწიკვი მარილი
- ვანილი
შოკოლადის მინანქარი:
- 3 სკ კაკაო
- 3 სკ შაქარი
- 3 სკ წყალი
მომზადება:
2 ფორთოხალს სახეხით მოახეხეთ ცედრა. გამოწურეთ 3 ფორთოხლისაგან წვენი.
მარგარინი ან კარაქი გაადნეთ და შეაგრილეთ.
ცალკე თასში კვერცხისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, შეურიეთ შეგრილებული კარაქი, ფორთოხლის ცედრა და წვენი და ბოლოს მშრალი ინგრედიენტები: მარილი, სოდა, ვანილი, სახამებელი, ფქვილი.
ფორმა კარგად გაცხიმეთ და მოაყარეთ ფქვილი (სასურველია ფორმას გვერდები ეხსნებოდეს), ჩაასხით ცომი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 150-160 გრადუსზე დაახლოებით 1 საათით.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
რომ გამოცხვება ფორმაშივე შეაგრილეთ, ნელთბილს მოხსენით ფორმის გვერდები.
შოკოლადის მინანქარი:
კაკაოს შეურიეთ შაქარი და წყალი და დაბალ ცეცხლზე დადგით, თან ურიეთ. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან. მინანქარი პრიალა რომ გამოვიდეს შეაგრილეთ 2 წუთით და შემდეგ ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, ასე გაიმეორეთ 2 ჯერ, თან სულ ურიეთ. მინანქარი ცხელი მოასხით ნამცხვარს და თანაბრად გადაანაწილეთ.
გემრიელად მიირთვით!