ქათმის ბარკლების რულეტი
ძალიან გემრიელი დაბალკალორიული კერძი, რომელიც ცხიმის დაუმატებლად მზადდება.
მასალა რულეტისათვის:
- 4 ქათმის მენჯ-ბარკალი,
- 2 კბილი ნიორი,
- 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი,
- 1 ცალი ზოლებად დაჭრილი სტაფილო,
- 1 ცალი ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,
- მარილი, მსხვილად დაფქული წითელი მწარე წიწაკა, ან პილპილი,
- წვრილად დაჭრილი ქინძი
მასალა ბოსტნეულის გარნირისათვის:
- 3 თავი მსხვილად დაჭრილი ხახვი,
- 3-4 მსხვილად დაჭრილი სტაფილო,
- 1 ცალი მსხვილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,
- 3-4 გაუფცქვნელი, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი
- მარილი, მსხვილად დაფქული წითელი მწარე წიწაკა, ან პილპილი
მომზადება:
ქათმის ბარკლები სიგრძეზე, ძვლის გასწვრივ ჩაჭერით და გამოათავისუფლეთ ძვლებისაგან. გაშალეთ სამუშაო ზედაპირზე კანით ქვევით. წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი, მოაფრქვიეთ მსხვილად დაფქული მწარე წიწაკა, მარილი, შუაში სიგანეზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ორი ზოლი სტაფილო (ან ბულგარული წიწაკა), გადაახვიეთ რულეტივით, შეკარით ძაფით, ან მეტალის ჩხირით, ზევიდანაც შეკმაზეთ მარილით (წიწაკით).
რულეტები დააწყვეთ ქაღალდდაფენილ ფორმაზე, ირგვლივ შემოუწყვეთ წინასწარ მარილით და პილპილით შეკმაზული, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ხახვი და შეწვით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა დანის წვერის ჩარჭობით შეამოწმეთ.
მიირთვით გემრიელად!