ინდაურის შებრაწული ბარკლები შიგთავსით
ინდაურის ან ქათმის გემრიელად შებრაწული ბარკლები არომატული შიგთავსით და ბოსტნეულის გარნირით.
მასალა:
- ინდაურის ან ქათმის ბარკლები
- ნიორი
- ქინძი და ოხრახუში
- ხახვი
- მარილი
- ყველი
- მსხვილად დაფქული წიწაკა ან პილპილი
- სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, ყაბაყი…
ბარკლის ამოსავსებად შიგთავსის რაოდენობა დამოკიდებულია ბარკლის ზომაზე, ამიტომ მე არ მივუთითე.
გარნირისათვის ბოსტნეულის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ საჭიროების მიხედვით
მომზადება:
ინდაურის ბარკალი გაჭერით ბასრი დანით სიგრძეზე ძვლის გასწვრივ. ძვალი წრიულად გაათავისუფლეთ კუნთებისაგან და ორივე მხარეზე კუნთების სიღრმეში გააკეთეთ „ჯიბეები“, ისე, რომ კანის მთლიანობა შეინარჩუნოთ. წაუსვით უხვად მარილი „ჯიბეებში“, აგრეთვე გაჭყლეტილი ნიორი და მსხვილად დაფქული მწარე წიწაკა. ჭრილი ამოავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ქინძითა და ოხრახუშით, ზოლად დაჭრილი სტაფილოთი ან ბულგარული წიწაკით და ყველის პატარა ნაჭრებით. ეცადეთ ჭრილში ზედმეტი შიგთავსი არ მოათავსოთ-შეკვრა გაგიჭირდებათ! შეკარით ძაფით, ან მეტალის ჩხირით,
გარედანაც შეკმაზეთ მარილით (და წიწაკით), დააწყვეთ ქაღალდდაფენილ ფორმაზე, ირგვლივ შემოუწყვეთ წინასწარ მარილით და წიწაკით შეკმაზული, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ან სხვა ბოსტნეული და შეწვით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
დაახლოებით ნახევარ საათში ხორცი გადააბრუნეთ და ბოსტნეულს მოურიეთ.
ხორცის მზადყოფნა დანის წვერის ჩარჭობით შეამოწმეთ.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!