ხორცის ღვეზელი

On 23/03/2014 by letusc

ხორცის ღვეზელი ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელ კერძს წარმოადგენს. ხორცის ღვეზელისათვის შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ცომი გამოიყენოთ. ძალიან გემრიელი და ნაზი გამოდის მაწვნიანი ცომით. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს. ღვეზელის სისქე შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ საცხობი ფურცლის ზომის შერჩევით. აუცილებლად სინჯეთ, მოგეწონებათ. Smile

 

Fleischkuchen

 

მასალა:

ცომი:

  • 2 კვერცხი
  • 100 გ კარაქი ან მარგარინი
  • 500 მლ მაწონი
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით
  • 600-700 გ ფქვილი (დაახლოებით)

ხორცის გულსართი:

  • 500 გ ფარში (შერეული გატარებული ხორცი)
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით
  • ზეთი ხორცის ჩასაშუშად

მომზადება:

ხორცის გულსართი:
ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ წვრილად დჭრილი ხახვი ზეთში. ჩაამატეთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დაანაწილეთ და ჩაშუშეთ ზომიერ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შეკმაზეთ ძლიერად მარილით და პილპილით, დააამატეთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი. გემო გაუსინჯეთ და ცოტა ხანს კიდევ ჩაშუშეთ ბრინჯთან ერთად. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ გაცივება.

 

Hackfleisch Reis

ცომი:
გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ დარბილებული კარაქი და მაწონი. დააცერით გამაფხვიერებელში შერეული ფქვილი და მოზილეთ ნაზი, ელასტიური ცომი, რომელიც მოზელას კარგად უნდა ემორჩილებოდეს. ცომს ზედაპირზე ხელით ზეთი გადაუსვით, კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და რამოდენიმე საათით დადგით თბილ ადგილას გასაფუებლად. გაფუების დასაჩქარებლად შეგიძლიათ ღუმელი 50 გრადუსზე ოდნავ შეათბოთ, ღუმელი გამორთოთ და ცომი თბილ ღუმელში შედგათ გასაფუებლად.
ცომი მოცულობაში საგრძნობლად რომ მოიმატებს, გამოიღეთ ღუმლიდან და გადაზილეთ.
 
ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნახევარი დადეთ ქაღალდიან საცხობ ფურცელზე (42სმX31სმ), გააბრტყელეთ და გულსართი თანაბრად გადაანაწილეთ. დანარჩენი ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე, ისე, რომ ქვედა ცომზე ოდნავ დიდი იყოს, ორივე ხელი ცომის ქვეშ შეაცურეთ, ფრთხილად აიღეთ და ხორცს გადააფარეთ. კიდეები კარგად შეაწებეთ, ზედაპირზე რამოდენიმე ადგილას დანით პატარა ჭრილები გააკეთეთ და გამოაცხვეთ.

 

Hackfleisch-Kuchen

 

ცხვება დაახლოებით 30 წუთი.

 

Meatpie

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *