ფარშის და ფენოვანი ცომის ღვეზელი
ძალიან გემრიელი ფარშის და ფენოვანი ცომის ღვეზელი შეგიძლიათ სტარტერად მიირთვათ. ზედგამოჭრილია შაბათ-კვირის მოგვიანო საუზმის-ბრანჩისათვის. საქმე რომ გაიადვილოთ, წინა საღამოს მოამზადეთ, პლასტმასის ყუთით მაცივარში შეინახეთ და მეორე დილას გამოაცხვეთ.
მასალა:
- 250 გ ფარში (შერეული გატარებული ხორცი)
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 50 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
- პილპილი, მარილი გემოვნებით
- ზეთი ხორცის ჩასაშუშად
- 2 შეკვრა ფენოვანი ცომი (დაახლოებით 275 გრამიანი)
მომზადება:
ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ წვრილად დჭრილი ხახვი ზეთში. ჩაამატეთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დაანაწილეთ და ჩაშუშეთ ზომიერ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შეკმაზეთ ძლიერად მარილით და პილპილით, დააამატეთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი. გემო გაუსინჯეთ და ცოტა ხანს კიდევ ჩაშუშეთ ბრინჯთან ერთად. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ გაცივება.
ფენოვანი ცომი გაშალეთ ფიცარზე, დაჭერით 5 ზოლად. ზოლის ერთ ბოლოზე დადეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ხორცის და ბრინჯის ნარევი, გადმოკეცეთ მეორე ბოლო და კიდეები თითებით კარგად შეაწებეთ.
დადეთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ფორმაზე, ზედაპირი დანით ჩაჩხვლიტეთ რამოდენიმე ადგილას და გამოაცხეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: თუ ფენოვან ცომს ზედაპირი გამოუშრა და აღარ იკრავს, კიდეებზე წააცხეთ ცოტაოდენი კვერცხის ცილა და მერე შეაწებეთ.
[…] von Blätterteig-Chatschapuri Schnitten ist ähnlich, wie bei Hackfleisch-Blätterteigtaschen und Chatschapuri mit […]