ტყემლის საწებელი ქლიავით

On 20/08/2013 by letusc

მინდა გაგაცნოთ საწებელის რეცეპტი, რომელსაც „ქლიავის ტყემალი“ დავარქვი ხუმრობით, მაგრამ მერე მომეწონა და თქვენც ამ სახელით გაგაცნობთ. ეს რეცეპტი უფრო მეტად საინტერესო იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის, სადაც ტყემალი ძნელი საშოვნელია, ან ძვირი სიამოვნებაა.

დაგჭირდებათ მკვრივი ქლიავი, მე ჭანჭურის მაგვარი ქლიავი გამოვიყენე – ჯემისათვის ნაყიდი ქლიავიდან მკვრივი ნაყოფები ამოვარჩიე და ექსპერიმენტი ჩავატარე. შევკმაზე ქინძით, კამით, ნივრით, მარილით და წიწაკით. ქლიავის ტყემალი ძალიან გემრიელი გამოვიდა, დეგუსტაციასაც გაუძლო – ჩემს რაჭველ მეუღლეს და იმერელ თანამშრომელს ძალიან მოეწონათ. ლბათ სხვა ჯიშის ქლიავიც გამოდგება. სცადეთ აუცილებლად, ძალიან ისიამოვნებთ!!! Smile

Tkemali - Pflaumensauce

მასალა:

  • 2 კგ მკვრივი ქლიავი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 50 გ ქინძი (დაახლოებით)
  • 25 გ კამა (დაახლოებით)
  • მარილი
  • მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა

მომზადება:

ქლივი გარეცხეთ, კურკა გამოაცალეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი იმდენი, რომ ქლიავს დაახლოებით ნახევრამდე მოადგეს და დადგით საშუალო ცეცხლზე მოსახარშად.

Tkemali - Pflaumensauce

პერიოდულად ურიეთ. ნაყოფი ნახევრად რომ მოიხარშება, დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და გააგრძელეთ ხარშვა. ქლიავი კარგად რომ დარბილდება, ბლენდერით კარგად ათქვიფეთ.

Tkemali - Pflaumensauce

გემო გაუსინჯეთ და დამატებით შეკმაზეთ თქვენი გემოვნებით. საწებელი დადგით ცეცხლზე და ცოტა ხანს კიდევ ადუღეთ. შემდეგ ცხელი საწებელი ჩაასხით ცხელ ქილებში/ბოთლებში და ცხელი სახურავები მოახრახნეთ.

ქლიავის ტყემლის სისქე შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. გათქვეფის წინ ნახარშის ნაწილი გადაწურეთ და შეინახეთ. ათქვეფისას წვენი დაამატეთ თქვენთვის სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გათქვეფის შემდეგ ადუღებით საწებელი სქელდება.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *