ტირამისუ შოკოლადით
ძალიან გემრიელი ტირამისუს რეცეპტი ჩვენი მკითხველის ნინო გვარაძისაგან. ეს რეცეპტი იმითია გამორჩეული, რომ ნამცხვრის ფენებს შორის გახეხილი მუქი შოკოლადი ემატება.მადლობა ნინოს ასეთი ორიგინალური რეცეპტისათვის.
მასალა:
- 4 კვერცხი
- 50 გ შაქარი
- 500 გ ყველი მასკარპონე
- 100 გ შავი შოკოლადი
- 400 გ (დაახლოებით) ფხვიერი ნამცხვარი „Ladyfingers“
- კაკაო
- ვანილი
- 2 ჭიქა ხსნადი ყავის ხსნარი
მომზადება:
მოამზადეთ ყავა გემოვნებით და გააცივეთ. ცივს შეგიძლიათ შეურიოთ 2 სკ კონიაკი, რომი ან ამარეტო (მე არ ვუმატებ).
მსხვილ სახეხზე გახეხეთ შოკოლადი და გაყავით 2 ნაწილად.
კვერცხის გულებისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. შეურიეთ მასკარპონე, ვანილი და კიდევ კარგად გათქვიფეთ. ცალკე გათქვიფეთ კვერცხის ცილა თეთრი, ღრუბლისებური მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ კოვზით კვერცხის მასას.
ყავის ხსნარში დაასველეთ თითოეული ნამცხვარი და მჭიდროდ მიაწყვეთ ერთმანეთთან ფორმაში, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და გადაუსვით კრემი, ასე გაიმეორეთ მეორე ფენაც და შედგით მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
ტირამისუს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ კაკაო.
გემრიელად მიირთვით!