კენკრის ღვეზელი თეთრი შოკოლადით
ნაზი, სურნელოვანი და არომატული კენკრის ღვეზელი თეთრი შოკოლადით სახელდახელო ნამცხვარია. ცომი სწრაფად მზადდება და დაახლოებით 30 წუთი ცხვება. მეგობრებთან წავიღე წვეულებაზე და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
შეგიძლიათ გაყინეული კენკრაც გამოიყენოთ. სცადეთ აუცილებლად!
მასალა:
- 200 გ შაქარი
- 200 გ კარაქი
- 5 კვერცხი
- 200 გ ნაღები
- 280 გ ფქვილი (დაახლოებით)
- 70 გ კარტოფილის ფქვილი
- ¼ ჩკ მარილი
- 2 ჩკ გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა ძმრით
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 500 გ შერეული კენკრა (ან სურვილისამებრ რომელიმე სახის კენკრა)
- ცოტაოდენი ფსტა ან ნუში მოსართავად
- 50-70 გ თეთრი შოკოლადი
მომზადება:
მასალა ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
კარაქი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ თითო-თითო კვერცხი. დაამატეთ ნაღები, დააცერით ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევი და კოვზით კარგად გაანაწილეთ. შემდეგ დაამატეთ კარტოფილის ფქვილი და ფრთხილი მორევით შეურიეთ მასას. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის.
ცომი ჩაასხით დაახლოებით 26სმX37სმ ზომის ქაღალდდაფენილ ფორმაში, ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ცოცხალი ან გაყინული კენკრა და შედგით გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.
გამომცხვარი კენკრის ღვეზელი ქაღალდიანად გადააცურეთ ცხრილზე, მოაყარეთ დაჭრილი ფსტა ან ნუში და აცალეთ გაცივება.
თეთრი შოკოლადი დაადნეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე და მოასხით გაცივებულ კენკრის ღვეზელს.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: თუ გაყინულ კენკრას გამოიყენებთ, კენკრის წინასწარ დადნობა არ არის საჭირო, ცომს მოაფრქვიეთ გაყინული ხილი.