ბოსტნეულის და ხორცის წვნიანი

On 15/03/2016 by letusc

მსუბუქი, ვიტამინებით და ცილებით მდიდარი წვნიანი, დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანი. გამოგადგებათ ცილოვანი და low carb დიეტების დროსაც. კერძი აგლუტენური და ულაქტოზოა და ძალიან გემრიელი. Smile

Rindfleisch-Gemüse-Eintopf

მასალა:

  • 1 კგ ძროხის ხორცი 
  • 2 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1/2 პატარა წითელი (ან თეთრი) კომბოსტო
  • 4 სტაფილო
  • 0,5 კგ ბროკოლი
  • 3-4 პამიდორი ან დაკონსერვებული დაჭრილი პამიდორი 
  • წიწაკა, მარილი, ქინძი, ოხრახუში და კამა (სურვილით) ბლომად
  • ცოტა ზეთი

მომზადება:

ხორცი დაჭერით, გარეცხეთ, დაასხით უხვად წყალი და დადგით მოსახარშად. რომ ადუღდება, ქაფი მოხადეთ, შემდეგ წყალი გადაღვარეთ, რამოდენიმეჯერ გამოუცვალეთ, ვიდრე ქაფის ნარჩენები არ მოშორდება. დაასხით ბოლოს ადუღებული წყალი და ხარშეთ 2-3 საათი ნელ ცეცხლზე. თუ ხორცის ხარშვისას ბულიონი დაშრა და დაცოტავდა, დაამატეთ ადუღებული წყალი. ხარშვა დასასრულს რომ მიუახლოვდება, წყალს ნუღარ დაამატებთ, რადგან ბოსტნეულს ადგილი სჭირდება.
ვიდრე ხორცი იხარშება, მოამზადეთ ბოსტნეული შემდეგნაირად:
ღრმა ტაფაში ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო და ბროკოლის კუბებად დაჭრილი ღერო და შუშეთ. ცოტა ხანში დაჭრილი კომბოსტო და პამიდორიც ჩაამატეთ, ტაფას სახურავი დაახურეთ და გააგრძელეთ შუშვა. თუ ბოსტნეულს სითხე დააშრება, ადუღებული წყალი დაამატეთ. ბოსტნეული რომ შერბილდება, ქვაბში ჩაუშვით მოხარშულ ხორცთან და წამოადუღეთ. დაამატეთ პატარა ყვავილებად დანაწილებული ბროკოლი და 8-10 წუთში გამორთეთ ცეცხლი. თუ ბულიონი საკმარისი არაა, ადუღებული წყალი დაამატეთ.
ბოსტნეულის და ხორცის წვნიანი შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და მწვანილით და სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშებით.

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *