ხორციანი ბორში წითელი კომბოსტოთი
შემოგთავაზებთ ხორციან ბორშს, რომელიც წითელი კომბოსტოთი მოვამზადე. ხორცის ცხიმიანობა თავად გადაწყვიტეთ. მე საქონლის მჭლე ხორცი გამოვიყენე, რადგან ცხიმიანი ხორცი არ მიყვარს და არცაა სასარგებლო. ბორშს უმეტესად კარტოფილსაც უმატებენ, მაგრამ მე კარტოფილის გარეშე ვამზადებ. თუ უცხიმო ხორცს გამოიყენებთ და კარტოფილის გარეშე მოამზადებთ, მოამზადებთ ძალიან გემრიელ, დაბალკალორიულ და დაბალნახშირწყლოვან კერძს, რომელიც შეგიძლიათ დიეტების (ასევე აგლუტენური და ულაქტოზო დიეტის) დროსაც დაუფიქრებლად მიირთვათ.
მასალა:
- 1 კგ ძროხის ხორცი
- 2 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 პატარა წითელი (ან თეთრი) კომბოსტო
- 4 სტაფილო
- 1 პატარა ჭარხალი
- 3-4 პამიდორი ან დაკონსერვებული დაჭრილი პამიდორი
- 2 დაფნის ფოთოლი
- წიწაკა, მარილი, ქინძი, ოხრახუში და კამა (სურვილით)
- ცოტა ზეთი
- არაჟანი (სურვილით ულაქტოზო)
მომზადება:
ხორცი დაჭერით, გარეცხეთ, დაასხით უხვად წყალი და დადგით მოსახარშად. რომ ადუღდება, ქაფი მოხადეთ და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. თუ ხორცის ხარშვისას ბულიონი დაშრა და დაცოტავდა, დაამატეთ ადუღებული წყალი. ხორცი რომ მოიხარშება, ქაფქირით ამოიღეთ ღრმა თეფშზე და დააფარეთ, რომ არ გამოშრეს. ნახარში დატოვეთ ქვაბში, რომ დაიწუროს.
მეორე ქვაბში ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო და ჭარხალი და შუშეთ. ცოტა ხანში დაჭრილი პამიდორიც ჩაამატეთ. ბოსტნეული ცოტა რომ შერბილდება, დაასხით დაწურული ბულიონი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და წამოდუღების შემდეგ დაამატეთ კომბოსტოც. ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ბოსტნეული რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაუშვით მოხარშული ხორცი და ერთხელ წამოადუღეთ. თუ ბულიონი საკმარისი არაა, ადუღებული წყალი დაამატეთ.
ბორში შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და მწვანილით.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშებით, თითო ულუფას 1 ჩკ არაჟანი დაამატეთ და
გემრიელად მიირთვით!