რევანდის საწებელი
ვაგრძელებ ექსპერიმენტებს ჩემს კულინარულ ლაბორატორიაში (სამზარეულოში).
მინდა საწებლის ძალიან საინტერესო რეცეპტი შემოგთავაზოთ. ეს რეცეპტი უფრო მეტად საინტერესო იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის, სადაც ტყემალი ძნელი საშოვნელია, ან ძვირი სიამოვნებაა. ტყემლის საწებელი შეიძლება შეგიცვალოთ რევანდის (Rheum rhabarbarum) საწებელმა. რევანდი არის უაღრესად არომატული ბოსტნეული, რომელსაც, უმეტესად, ტკბილ კერძებში იყენებენ. რადგან რევანდს მჟავე და ამავე დროს ძალიან არომატული გემო აქვს, გადავწყვიტე მისგან ტყემლის მსგავსი საწებელი მომემზადებინა. ომბალოს (Mentha pulegium) საძებნელი დროის უქონლობის გამო, მოვამზადე ომბალოს გარეშე, მაგრამ მაინც ფანტასტიური გამოვიდა.
სცადეთ აუცილებლად, ძალიან ისიამოვნებთ!!!
P.S. ასევე გემრიელია საწებელი ქლიავით, რომელიც უკვე შემოგთავაზეთ.
მასალა:
- 2 კგ რევანდი
- 200 მლ წყალი
- 4-5 კბილი ნიორი
- 50 გ ქინძი (დაახლოებით)
- 25 გ კამა (დაახლოებით)
- 25 გ ომბალო
- 2 ჩკ ქინძის თესლი (დაფქული)
- მარილი
- მსხვილად დაფქული წიწაკა
მომზადება:
რევანდი გარეცხეთ, დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში ნიორთან და მწვანილეულთან ერთად, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე მოსახარშად.
პერიოდულად ურიეთ. რევანდი ჩქარა იხარშება. რომ დარბილდება, ბლენდერით კარგად ათქვიფეთ. მარილი, ქინძის თესლი და წიწაკა დაამატეთ, გემო გაუსინჯეთ და დამატებით შეკმაზეთ თქვენი გემოვნებით. დადგით ცეცხლზე და ცოტა ხანს კიდევ ადუღეთ. შემდეგ ცხელი საწებელი ჩაასხით ცხელ ქილებში/ბოთლებში და ცხელი სახურავები მოახრახნეთ.
რევანდის საწებელის სისქე შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ წყლის და რევანდის რაოდენობის თანაფარდობის შეცვლით. გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ საწებელი სქელდება.
მიირთვით გემრიელად!