ბადრიჯნის სალათი ნიგვზით
ეს გემრიელი ბადრიჯნის სალათი ნიგვზით მსგავსია „ნიგვზიანი ბადრიჯნის“. ამ სალათის მოსამზადებლად ბადრიჯანი ღუმელში იწვება ცხიმის დამატების გარეშე და კერძი მსუბუქი და დაბალკალორიული გამოდის. უადვილესია მოსამზადებლად! დასაშვებია ვეგანებისათვის, მარხულებისათვის, ულაქტოზო, დაბალნახშირწყლოვანი და აგლუტენური კვების რეჟიმის მიმდევართათვის.
მასალა:
- 5-6 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი
- 200 გ დაფქული (გატარებული) ნიგოზი
- 1 ჩკ დაფქული ქინძი
- 1 ჩკ ხმელი სუნელი
- მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
- ნიორი 1-2 კბილი
- 1 სკ ძმარი
- პატარა კონა დაჭრილი ქინძი
მომზადება:
ბადრიჯნები გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით და რამოდენიმე ადგილას დანით ჩაჩხვლიტეთ. დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
კანი რომ შეიბრაწება და შიგთავსი ჩარბილდება, ბადრიჯანი მზადაა. გამოიღეთ ღუმლიდან და შეაგრილეთ. შემდეგ სადილის კოვზის საშუალებით გამოიღეთ თითოეული ბადრიჯნისაგან რბილობი და ცხრილზე მოათავსეთ რამოდენიმე საათით, რომ სითხისაგან კარგად დაიწუროს.
ამ დროის განმავლობაში პერიოდულად მოურიეთ. დაწურულ ბადრიჯანს შეურიეთ ზევით აღწერილი მასალის ჩამონათვალი და ორი კოვზის საშუალებით ყველაფერი კარგად აურიეთ.
მიირთვით ეს გემრიელი და მსუბუქი სალათი სტარტერად გახუხულ პურთან ან ტოსტთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!