გამომცხვარი მაკარონი ბარდით
არსებობს გამომცხვარი მაკარონის უამრავი ვარიანტი.
ეს “სატელეფონო რეცეპტი” ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა მიხაელა შმიტცმა მომაწოდა, რომლის მიხედვითაც ეს გემრიელი კერძი ჩემი სტუმრებისათვის მოვამზადე. ძალიან გემრიელი გამოვიდა და ყველას ძალიან მოეწონა. აუცილებლად სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით!
მადლობა მიხაელას “გემრიელი” რეცეპტისათვის.
მასალა:
- 300 გ მაკარონი (ნებისმიერი სახის)
- 400 გ მწვანილიანი მდნარი ყველი
- 200 მლ ნაღები
- 100 მლ რძე
- 200 გ მოხარშული ლორი, პატარა კვადრატებად დაჭრილი
- 1 პატარა ყუთი ბარდა, სითხისაგან დაწურული
- მარილი და პილპილი
- 100-200გ ყველი (სულგუნი ან სხვა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დნება)
მომზადება:
მაკარონი საკმაოდ ბევრ მარილწყალში მოხარშეთ და საწურზე დაწურეთ.
მდნარი ყველი, ნაღები და რძე ქვაბში გააცხელეთ და მარილით და პილპილით შეკმაზეთ.
ღუმელი 180-200 გრადუსზე გაახურეთ.
ლორი და ბარდა მოხარშულ მაკარონს შეურიეთ, ცეცხლგამძლე ფორმაში გადაიტანეთ და ყველის ნარევი მოასხით.
კარგად ამოურიეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და 20-30 წუთით ღუმელში შედგით. ზედაპირი მსუბუქად უნდა მოებრაწოს.
სუფრასთან ფორმითვე მიიტანეთ ცხლად.
ამ კერძს ძალიან უხდება მწვანე სალათი.
მიირთვით გემრიელად!