ყველის და კენკრის ტორტი
ყველის ნამცხვარი – Cheesecake ძალიან პოპულარული და გემრიელი ნამცხვარია. არსებობს მისი ნაირგვარი სახეობები. ამჯერად შემოგთავაზებთ ყველის და კენკრის ტორტს, ძალიან არომატულ და ადვილად მოსამზადებელ ნამცხვარს. მოამზადეთ, ისიამოვნეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ყალიბისათვის:
ძირი:
- 200 გ ხრამუნები („პეჩენია“) გირჩევთ სრულმარცვლოვანი ფქვილის
- 1 კვერცხი
- 100 გ კარაქი
ყველის მასა:
- 500 გ კრემყველი
- 130 გ შაქარი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 5 კვერცხი, ცილა და გულები ცალ-ცალკე
- 5 სკ მანანის ბურღული
- 2 სკ სახამებელი (მაგ. კარტოფილის ფქვილი)
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 300 გ კენკრა (შერეული, ან ერთი რომელიმე სახის)ცოცხალი ან გაყინული
- ცოტაოდენი კენკრა და პიტნის ფოთლები მოსართავად
მომზადება:
ყალიბში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი და კედლებზე წააცხეთ კარაქი.
ღუმელი 175 გრადუსზე გააცხელეთ.
ხრამუნები წმინდად დაფხვენით „ბლენდერში“ ან ცომის საბრტყელებლით, შეურიეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი, კარგად მოზილეთ, თანაბრად გაანაწილეთ მრგვალი ფორმის ძირზე, კარგად დატკეპნეთ, ფორმის გვერდებზეც „ამოაშენეთ“ და ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ.
ყველი გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად. შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხის გულები. დაამატეთ მანანის ბურღული, გამაფხვიერებელთან ერთად გაცრილი სახამებელი და კარგად ათქვიფეთ.
ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხის ცილა (მიქსერის ფრთები სუფთა და მშრალი უნდა იყოს). ცილა რომ გამკვრივდება, კოვზით შეურიეთ ცომს ფრთხილად. დაამატეთ კენკრაც, ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და შედგით ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
რომ გამოცხვება, ღუმელის კარი შეხსენით და ასე შეაგრილეთ. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, აცალეთ გაცივება ოთახის ტემპერატურაზე, და რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში.
ნამცხვარი რომ გამოცხვება, ამოფუვდება და გაცივების შემდეგ ისევ ჩაიწევს, რაც ნორმალურია ყველის ნამცხვრებისათვის.
ყველის და კენკრის ტორტი მორთეთ კენკრით და პიტნის ფოთლებით, ან როგორც გნებავთ.
მიირთვით გემრიელად!
რჩევა: თუ გაყინულ კენკრას გამოიყენებთ, წინასწარ ოთახის ტემპერატურაზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დადნობის რეჟიმზე დაადნეთ, წვენისაგან დაწურეთ, თუ წვენი მოადგა და ისე შეურიეთ ცომს. წვენი შეგიძლიათ დეკორაციისათვის გამოიყენოთ.