კენკრიანი ხაჭოს ტორტი სიმინდის ფქვილით
კენკრიანი ხაჭოს ტორტი სიმინდის ფქვილით ძირის (ფხვიერი ნამცხვრისაგან მომზადებული „ყალიბი“, მაგალითები იხილეთ აქ) გარეშე კეთდება და ამიტომ კლასიკური ჩისქეიქის უფრო მსუბუქ, მაგრამ ძალიან გემრიელ სახესხვაობას წარმოადგენს. რადგან ამ ნამცხვრისათვის სიმინდის ფქვილი და სახამებელი გამოიყენება, დასაშვებია მათთვისაც, ვისაც ხორბლის ალერგია აქვს ან აგლუტენურ დიეტას იცავს. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.
მასალა 26 სმ დიამეტრიანი ყალიბისათვის:
- 5 კვერცხი, ცილა და გულები ცალ-ცალკე
- 500 გ ხაჭო
- 200 გ არაჟანი ან მაწონი
- 150 გ შაქარი
- 80 გ კარაქი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 70 გ სიმინდის ფქვილი
- 40 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის)
- 100 გ დაფქული ნუში
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 300 გ კენკრა (შერეული, ან ერთი რომელიმე სახის) ცოცხალი ან გაყინული
- მუქი შოკოლადი მოსართავად
მომზადება:
ყალიბში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი და კედლებზე კარაქი წააცხეთ.
ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეათქვიფეთ ხაჭო, არაჟანი, სიმინდის ფქვილი და სახამებელთან ერთად გაცრილი გამაფხვიერებელი.
ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხის ცილა (მიქსერის ფრთები სუფთა და მშრალი უნდა იყოს). ცილა რომ გამკვრივდება, კოვზით შეურიეთ ცომს ფრთხილად. დაამატეთ კენკრაც, ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და შედგით ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
რომ გამოცხვება, ღუმელის კარი შეხსენით და ასე შეაგრილეთ. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, აცალეთ გაცივება ოთახის ტემპერატურაზე და რამოდენიმე საათით შედგით მაცივარში.
კენკრიან ხაჭოს ტორტს სუფრასთან მიტანის წინ მოაწვეთეთ დამდნარი შოკოლადი და მორთეთ კენკრის ნაყოფებით.
გემრიელად მიირთვით!
რჩევა: თუ გაყინულ კენკრას გამოიყენებთ, წინასწარ ოთახის ტემპერატურაზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დადნობის რეჟიმზე დაადნეთ, წვენისაგან დაწურეთ, თუ წვენი მოადგა და ისე შეურიეთ ცომს.