მოცვის ქაფქეიქები კრემ-ყველით
სახელდახელო და უგემრიელესი მოცვის ქაფქეიქები (Cupcakes) კრემ-ყველის კრემით. პირში დნება!
შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი კენკრითაც მოამზადოთ. ძალიან გემრიელია უკრემოდაც, მაფინების სახით. აუცილებლად სცადეთ!
მასალა 12 ცალისათვის:
ცომი:
- 2 კვერცხი
- 180 გ შაქარი
- 50 გ დარბილებული კარაქი
- 120 გ ნაღები (ან რძის და ნაღების ნარევი)
- 250 გ ფქვილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი მარილი
- 200 გ მოცვი
კრემი:
- 200 გ კრემ-ყველი
- 60 გ შაქრის პუდრი
- 150 გ ნაღები
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი ან ვანილი სხვა ფორმით
მომზადება:
მოცვი გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცზე დაყარეთ გასაშრობად.
ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
მაფინის მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ აქაფებამდე. დაამატეთ კარაქი და ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა. დააცერით გამაფხვიერებელში შერეული ფქვილი და მარილი და კარგად შეურიეთ კვერცხიან მასას. ბოლოს ცომს 150 გ მოცვიც შეურიეთ, გადაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
ქაფქეიკები ცხრილზე გააცივეთ და კრემით მორთეთ. დარჩენილი 50 გ მოცვი ქაფქეიქების მოსართავად გამოიყენეთ.
კრემის მოსამზადებლად კრემ-ყველი ათქვიფეთ მიქსერით, თანდათანობით დაამატეთ გაცრილი შაქარი და ვანილი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები მიქსერით და თანდათანობით კოვზით შეურიეთ ყველს. კრემი ჩადეთ მოსართავ შპრიცში ან ტომარაში და 30-60 წუთით გააცივეთ მაცივარში. შემდეგ მორთეთ ქაფქეიქები კრემით და მოცვით.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: ეს ნამცხვარი კრემის გარეშეც, მაფინებადაც ძალიან გემრიელია!