ხინკალი (2)

On 20/03/2015 by letusc

Let us cook-ის მკითხველი და მეგობარი ბესო გლოველი გვთავაზობს ხინკლის რეცეპტს. ბესო გურმანი და არაჩვეულებრივი კულინარია. დარწმუნებული ვარ, მისი რეცეპტით მომზადებული ხინკალი უგემრიელესი იქნება. გირჩევთ სინჯოთ. Smile

chinkali-2.jpg

მასალა:

ცომი:

  • 2 კგ ფქვილი 
  • 1 ლ წყალი 
  • 1 კვერცხი (სურვილისამებრ)
  • 2 სკ მარილი

ფარში:

  • 0.5 კგ საქონლის ხორცი 
  • 0.5 კგ ღორის ხორცი 
  • 4 თავი ხახვი 
  • 1 ჩკ ძირა 
  • წიწაკა, პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 150-200 მლ წყალი

მომზადება:

ფარში:
ავიღოთ მსუქანი საქონლის და ღორის ხორცი (თუ ღორი მსუქანი არაა, დავამატოთ 200 გრ ქონი). გავატაროთ ხორცისსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. დავამატოთ ფარშს ძირა, წიწაკა, მარილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ გადადუღებული ცივი წყალი და კარგად ავურიოთ. ჭურჭელს დავაფაროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში.

ცომი:
ცივ წყალში გავხსნათ მარილი. ფქვილს გავუკეთოთ ღრმული და ჩავასხათ მარილწყალი, ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომს მოვაყაროთ ფქვილი, ჩავდოთ ცელოფნის პარკში და შევინახოთ მაცივარში. ნახევარი საათით. დროის გასვლის მერე გამოვიღოთ ცომი და კარგად გადავზილოთ. ცომს მივცეთ რულეტის ფორმა, დავჭრათ სასურველ ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ ფქვილი და დავტოვოთ 10-15 წთ-ით.
ამის მერე ცომი გავაბრტყელოთ თხელ მრგვალ ფირფიტებად, დავდოთ ზედ დაახლოებით 1 სკ ფარში, მოვუკრათ თავი.

chinkali 2.jpg
მოვხარშოთ ადუღებულ მარილწყალში (1 ლ წყალზე 1 სკ მარილი). პირველად ხინკალი ჩაიძირება წყალში და ქვაბს ან ერთმანეთს რომ არ მიეწებოს მოვურიოთ ფრთხილად ხის კოვზით. ხინკალი რომ ამოტივტივდება ვხარშოთ კიდევ 7-8 წთ საშუალო ზომის ცეცხლზე ნახევრად ან მთლიანად თავმოხდილ ქვაბში.
მზა ხინკალი ამოვიღოთ მოზრდილ თეფშებზე, მოვაყაროთ შავი პილპილი და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე .

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

3 Responses to “ხინკალი (2)”

  • გამარჯობათ

    მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მინდა გთხოვოთ ხინკლის რეცეპტი ინგლისურ ენაზე რო გამომიგზავნოთ. ვარ მეზღვაური და ვიმყოფები ატლანტიკის ოკეანეში. მზარეული ფილიპინელი მყავს საკმაოდ გემრიელად ამზადებს ყველაფერს მაგრამ მომენატრა ქართული ხინკალი და თუ ამ დახმარებას გამიწევთ კარგი იქნება. ასევე მყავს უკრაინელებიც გემზე და ხინკლის შესახებ არაერთხელ მკითხეს მე როგორც ყველა ქართველი ისე ვაქებ და ვადიდებ ქართუკ სამზარეულოს ხინკლის თამადობით. არ მინდა რო მომეჭრას თავი და ამიტომ მოგმართეთ თქვენ. იმედია ელ ფოსტაზე მომწერთ ხინკლის რეცეპტს ინგლისურად გადათარგმნილს.

    წინასწარ დიდი მადლობა.

    • მოგესალმებით, ჯემალ!

      ხინკლის რეცეპტი ინგლისურ ენაზე ფოტოებიანად უკვე გამოგიგზავნეთ ელ-ფოსტით.

      წარმატებები!

      კეთილი სურვილებით

      თამარ დუგლაძე

Trackbacks & Pings

Leave a Reply to ჯემალ ხიმშიაშვილი Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *