ხაჭაპური მაწვნიანი ცომით
შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი ხაჭაპურის რეცეპტს. ცომი მზადდება მაწვნით და სოდით ან გამაფხვიერებლით. ადვილი მოსამზადებელია, რადგან ერთიანად საცხობ ფურცელზე მზადდება, და გამოცხობის შემდეგ იჭრება ნაჭრებად. მერწმუნეთ, სტუმრებს და ოჯახის წებრებს ადვილად მოაწონებთ თავს ამ ხაჭაპურით.
მასალა:
- 2 კვერცხი
- 100 გ კარაქი ან მარგარინი
- 500 მლ მაწონი
- 2 ჩკ გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა 1 სკ ძმრით
- 600-700 გ ფქვილი (დაახლოებით)
- 800 გ ყველი (ნაკლებმარილიანი)
შენიშვნა უცხოეთში მცხოვრებთათვის: ყველის გულსართისათვის შეგიძლიათ მოცარელას და ფეტას კომბინაცია გამოიყენოთ სასურველი პროპორციით. გაითვალისწინეთ, რომ ფეტა საკმაოდ მარილიანია, ხოლო მოცარელას საერთოდ არ აქვს მარილი.
მომზადება:
გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ დარბილებული კარაქი და მაწონი. დააცერით გამაფხვიერებელში შერეული ფქვილი და მოზილეთ ნაზი, ელასტიური ცომი, რომელიც მოზელას კარგად უნდა ემორჩილებოდეს. ცომს ზედაპირზე ხელით ზეთი გადაუსვით, კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და რამოდენიმე საათით დადგით თბილ ადგილას გასაფუებლად. გაფუების დასაჩქარებლად შეგიძლიათ ღუმელი 50 გრადუსზე ოდნავ შეათბოთ, ღუმელი გამორთოთ და ცომი თბილ ღუმელში შედგათ გასაფუებლად.
ვიდრე ცომი გაფუვდება, მოამზადეთ ყველი _ ხელით დაფხვენით ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ცომი მოცულობაში საგრძნობლად რომ მოიმატებს, გამოიღეთ ღუმლიდან და გადაზილეთ.
ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნახევარი დადეთ ქაღალდიან საცხობ ფურცელზე, გააბრტყელეთ და დაფხვნილი ყველი თანაბრად გადაანაწილეთ (იხილეთ ფენოვანი ხაჭაპურის რეცეპტი) . დანარჩენი ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე, ისე, რომ ქვედა ცომზე ოდნავ დიდი იყოს, ორივე ხელი ცომის ქვეშ შეაცურეთ, ფრთხილად აიღეთ და ყველს გადააფარეთ. კიდეები კარგად შეაწებეთ, ზედაპირზე რამოდენიმე ადგილას დანით პატარა ჭრილები გააკეთეთ და გამოაცხვეთ სასურველ ფერამდე.
ცხვება დაახლოებით 30 წუთი. გაითვალისწინეთ თქვენი ღუმლის თავისებურებები.
მიირთვით გემრიელად!