შემწვარი ვაშლი
შემწვარი ვაშლი – ძალიან სახელდახელო, ძალიან სასარგებლო, ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი დესერტი ან სასუსნავი.
ამ ტკბილეულის მრავალი ვარიანტი არსებობს: ქიშმიშით, თხილეულით, თაფლით, შაქრით ან ამ ჩამონათვალის ნარევით. მე კი ძალიან მეგემრიელება შემწვარი ვაშლი ყოველგვარი დამატების და შელამაზების გარეშე. თუ ვაშლი ტკბილია, არც შაქრის დამატება სჭირდება.
ამ გემრიელი სასუსნავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ვაშლი და მიკროტალღოვანი ღუმელი.
მომზადების წესი:
ერთი მწიფე, დიდი ვაშლი გარეცხეთ, მახვილი დანით კონუსისებრად მოაჭერით ერთი ბოლო, დადეთ ღრმა თეფშზე, დააფარეთ და შედგით 5 წუთით მიკროტალღოვან ღუმელში.
შემდეგ შემწვარი ვაშლი ფრთხილად გამოიღეთ და ისიამოვნეთ. თუ ვაშლს სიტკბო აკლია, თაფლი მოაწვეთეთ.
გემრიელად მიირთვით!