კოქტეილი მარგარიტა კენკრით
ალბათ იცით, რომ მარგარიტა მექსიკული წარმოშობის კოქტეილია. მარგარიტას კლასიკური რეცეპტი უკვე გაგაცანით. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ტექილა, ფორთოხლის ლიქიორი და ლიმონის წვენი. ზოგჯერ მარგარიტას ტრადიციულ შემადგენლობას მარწყვს და სხვა კენკროვანებსაც უმატებენ. კენკრიანი (მარწყვიანი) მარგარიტა ჩემი ფავორიტია. თქვენც სინჯეთ, ძალიან მოგეწონებათ.
მასალა:
- 200 მლ ყვითელი ტექილა
- 100 მლ ფორთოხლის ლიქიორი Triple Sec
- 50 მლ ლიმონის წვენი
- 50 მლ ლაიმის წვენი
- 4 სკ შაქარი
- ყინულის ნატეხები
- 500 გ (დაახლოებით) გაყინული მარწყვი ან შერეული კენკრა
მომზადება:
მარგარიტას მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძლიერი მიქსერი მინის სქელი კედლებით.
მიქსერის 1/3 ნაწილი შეავსეთ ყინულის ნატეხებით, დაამატეთ ტექილა, ფორთოხლის ლიქიორი, ლიმონის და ლაიმის წვენი და კენკრა.
დაამატეთ ყინული 1,5 ლიტრის შევსებამდე. დაატრიალეთ მიქსერი ყინულის დაქუცმაცებამდე. ჩამოასხით ჭიქებში და ისიამოვნეთ.
მიქსერში დარჩენილი მარგარიტა მაცივარში შედგით, დასხმის წინ ერთხელ კიდევ დაატრიალეთ.
მიირთვით გემრიელად!
პ.ს. მარგარიტას მასალის დოზირება შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ.