მწვანე სალათი ქათმით და ბადრიჯნით
სასარგებლო და ძალიან გემრიელი საზაფხულო კერძი – მწვანე სალათი შებრაწული ქათმით და ბადრიჯნით. ვეგეტარიანელებმა და მარხულებმა ხორცის გარეშე მოამზადონ.
მასალა:
- 1 პატარა თავი მწვანე სალათი ან შერეული სხვადასხვა სალათის ფოთლები
- 2 ცალი ქათმის მკერდი
- 2-3 ბადრიჯანი
- 1 თავი ხახვი
- 1-2 ცალი მწვანე ხახვი
- 4-5 ჩერი პამიდორი
- ზეთი ქათმის და ბადრიჯნის შესაწვავად
- მარილი, წიწაკა, ხავერდა (ყვითელი ყვავილი), ხმელი სუნელი, დაფქული ქინძი
- 1 კბილი ნიორი
- ქინძი, ოხრახუში, კამა
- 1 სკ ზეითუნის ზეთი
- 1 სკ ლიმნის წვენი
მომზადება:
ბადრიჯნის დამუშავების წესი აღწერილია აჯაფსანდლის რეცეპტშიც.
ბადრიჯანს ყუნწები მოაჭერით, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად. მოაყარეთ მარილი თანაბრად და დატოვეთ დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ გაწურეთ ხელებით.
ტაფაში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და გაწურული ბადრიჯანი და ჩაშუშეთ ზეთში. პერიოდულად ურიეთ. ბადრიჯანი რომ დარბილდება, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და სუნელებით და გადმოდგით ცეცხლიდან. მარილის დამატების წინ ჯერ გემო გაუსინჯეთ – შეიძლება აღარც კი დასჭირდეს.
ქათმის მკერდი შეწვით ან მოხარშეთ და დაჭერით კუბებად.
დაჭრილი სალათის ფოთლები, პამიდორი, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი ღრმა ჭურჭელში აურიეთ. შემდეგ გაანაწილეთ თეფშებზე ულუფებად –ჯერ სალათის ნარევი, შემდეგ მოაწყვეთ ქათმის ნაჭრები და ბოლოს ბადრიჯანი. მოასხით ზეითუნის ზეთის და ლიმნის წვენის ნარევი და მოაფრქვიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
სუფრასთან მიტანისას ქათამი და ბადრიჯანი თბილი უნდა იყოს.
მიირთვით გემრიელად!