სრულმარცვლოვანი აჭარული ხაჭაპური

On 31/03/2016 by letusc

ჩემი მორიგი ექსპერიმენტი ქართულ სამზარეულოში – ვაგრძელებ თეთრი ფქვილის სრულმარცვლოვანით ჩანაცვლებას და ჩვენი უგემრიელესი ფქვილოვანი კერძების გაჯანსაღებას.  Smile სრულმარცვლოვანი იმერული ხაჭაპური ძალიან გემრიელი გამოვიდა. ამჯერად ვსინჯე აჭარული ხაჭაპური სრულმარცვლოვანი ფქვილით. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – ყველა აღფრთოვანებული დარჩა.
სრულმარცვლოვანი ფქვილი, როგორც იცით, მზადდება მარცვლოვანების მთლიანი მარცვლიდან, რომელსაც არ აქვს მოცილებული კანი. სწორედ კანია მდიდარი უჯრედისით, ცილებით, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, B1 და B2 ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით, მაგალითად მაგნიუმით, კალციუმით და რკინით. სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული საკვები სასარგებლო და ძალიან გემრიელია. თქვენც სინჯეთ აუცილებლად.

Vollkorn-Adjarische  Chatschapuri

მასალა 4 ხაჭაპურისათვის:

  • 250 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბლის ან იფქლის)
  • 250 გ თეთრი ფქვილი (ხორბლის ან იფქლის)
  • 2 ჩკ მშრალი საფუარი
  • 1 ჩკ მარილი
  • 450 მლ ნელთბილი წყალი
  • 500 გ ყველი
  • 4 კვერცხი
  • 4 ჩკ კარაქი (სურვილით)

მომზადება:

ფქვილი, საფუარი და მარილი ერთად ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ნელ-თბილი წყალი და დაიწყეთ ფქვილის შერევა. სითხე თანდათანობით ამატეთ და თან ზილეთ. სხვადასხვა სახის ფქვილს განსხვავებული რაოდენობის სითხე სჭირდება. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.
სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: ჯამში ხელით დაფშვენით ყველი და კარგად აზილეთ.
გაფუებული ცომი გადაზილეთ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, გაყავით 4 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და ისევ გადააფარეთ ცელოფანი.
ყველიც გაყავით 4 ნაწილად.
ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.
მომზადებული ხაჭაპურები ცოტა ფორმას იცვლის ხოლმე გამოსაცხობ ფურცელზე გადატანისას. ამიტომ უკეთესია, ფურცელზე, რომელზედაც უნდა გამოაცხოთ დაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და იქვე მიეცით ფორმა ხაჭაპურებს. ჩემს გამოსაცხობ ფურცელზე ეტევა 2 დიდი ან 3 მომცრო ზომის ხაჭაპური.
აიღეთ ერთი გუნდა, გააბრტყელეთ და მიეცით ოვალური ფორმა (იხ. სურათი), ზევიდან გადაანაწილეთ ყველის ერთი ნაწილი, ისე, რომ ცომის კიდეებამდე დარჩეს 2 სმ. კიდეები გადმოკეცეთ ყველზე და ბოლოები შეაწებეთ. გამოცხობისას ხაჭაპურები გაფუვდება, ამიტომ მათ შორის ადგილი დატოვეთ.
ხაჭაპურები გამოაცხვეთ წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

Adjarische  Chatschapuri-mit Vollkornmehl

ყველი რომ დადნება და ცომი ცოტა შეიბრაწება, საცხობი ფურცელი გამოიღეთ, ჩაახალეთ თითო კვერცხი ყოველ ხაჭაპურში და უკან შეაბრუნეთ. მიეცით ზედა ცეცხლი. კვერცხის ცილა რომ ოდნავ შეიკვრება და გათეთრდება, ხაჭაპური მზადაა. კვერცხის გული თოხლო უნდა დარჩეს.

Adjarische  Chatschapuri-mit-Vollkornmehl

Vollkornmehl-Adjarische  Chatschapuri mit

ცხელ-ცხელი სრულმარცვლოვანი აჭარული ხაჭაპური გადაიტანეთ ოვალურ თეფშზე, კვერცხთან ერთად ჩაამატეთ დაახლოებით ერთი ჩკ კარაქი (სურვილით) და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

Vollkorn-Adjarische  Chatschapuri

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *