ხაჭაპური სრულმარცვლოვანი ფქვილით

On 20/12/2015 by letusc

მეგობრებო, ალბათ უკვე იცით, რომ ძალიან მიყვარს სრულმარცვლოვანი ფქვილით მომზადებული საკვები, როგორც პურეული, ასევე ნამცხვრები.
ამჯერად ვცადე ჩვენი საყვარელი ხაჭაპური სრულმარცვლოვანი ფქვილით. ვერ წარმოიდგენთ, რა გემრიელი გამოვიდა. სრულმარცვლოვანი ფქვილი, როგორც იცით, მზადდება მარცვლოვანების მთლიანი მარცვლიდან, რომელსაც არ აქვს მოცილებული კანი. სწორედ კანია მდიდარი ცილებით, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, B1 და B2 ვიტამინებით, არაორგანული ელემენტებით, მაგალითად მაგნიუმით, კალციუმით და რკინით. გარდა იმისა, რომ სრულმარცვლოვანი ფქვილისაგან მომზადებული საკვები სასარგებლოა, ძალიან გემრიელიცაა. მოამზადეთ ხაჭაპური სრულმარცვლოვანი ფქვილით და ისიამოვნეთ. Smile

Chatschapuri mit Vollkornmehl

მასალა:

  • 500 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბლის ან იფქლის)
  • 1.5 ჩკ მშრალი საფუარი
  • 1 ჩკ მარილი
  • 400-450 მლ ნელთბილი წყალი
  • 0,5 კგ ყველი
  • 1 კვერცხის გული 1 ჩკ რძით (სურვილით)

მომზადება:

ფქვილი გაცერით საფუართან და მარილთან ერთად დიდ ჯამში, დაასხით ნელ-თბილი წყალი და დაიწყეთ ფქვილის შერევა. სითხე თანდათანობით ამატეთ და თან ზილეთ. სხვადასხვა სახის ფქვილს განსხვავებული რაოდენობის სითხე სჭირდება. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე ცომი მოცულობაში არ გაორმაგდება.
სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: ჯამში ხელით დაფშვენით ყველი, ან გახეხეთ და კარგად აზილეთ.
ღუმელი 200-220 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნახევარი დადეთ ქაღალდიან საცხობ ფურცელზე, გააბრტყელეთ და დაფხვნილი ყველი თანაბრად გადაანაწილეთ. დანარჩენი ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე, ისე, რომ ქვედა ცომზე ოდნავ დიდი იყოს, ორივე ხელი ცომის ქვეშ შეაცურეთ, ფრთხილად აიღეთ და ყველს გადააფარეთ. კიდეები კარგად შეაწებეთ, ზედაპირზე რამოდენიმე ადგილას დანით პატარა ჭრილები გააკეთეთ. თუ გსურთ, ზედაპირზე ფუნჯით წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული.

Dinkelmehl-Chatschapuri
ხაჭაპური ცხვება დაახლოებით 30 წუთი. გაითვალისწინეთ თქვენი ღუმლის თავისებურებები.

Vollkornmehl-Chatschapuri

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *