წითელი ხავერდის ტორტი „წითელი გული“

On 24/02/2013 by letusc

წითელი ხავერდის ტორტი არის ამერიკული წარმოშობის ძალიან პოპულარული, ძალიან გემრიელი და არომატული ნამცხვარი. მისი ტრადიციული ინგრედიენტებია კარაქი, ფქვილი, კეფირი, კაკაო და წითელი საკვები საღებავი ან ჭარხლის წვენი. სხვადასხვა რეცეპტებში კაკაოს და საღებავის პროპორციები განსხვავებულია. ნამცხვრის ფერიც სწორედ ამ თანაფარდობაზეა დამოკიდებული.

ტრადიციულად წითელი ხავერდის ნამცხვრის კრემად ხმარობენ მდნარი ყველის ან მოხარშულ კრემს.

ბისკვიტი არის ოდნავ ნოტიო, ამიტომ უკეთესია ცომი შუაზე გაიყოს და ორ ფორმაში გამოცხვეს, რომ ცომის სიმძიმემ ნამცხვარი არ ჩააგდოს.

კარგად შეკრული და თანაც ქათქათა კრემი მისაღებად, მოვამზადე მოხარშული კრემი კვერცხის ცილებით-ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოვიდა.

აუცილებლად სცადეთ! გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები ამ ულამაზესი ხავერდოვანი ტორტით, რომელიც სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა და თანაც უგემრიელესი!

Roter Samtkuchen

მასალა:

ბისკვიტი:

  • 250 გ ფქვილი
  • ½ ჩკ მარილი
  • ½ ჩკ გამაფხვიერებელი
  • 2 სკ კაკაო
  • 110 გ კარაქი
  • 300 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 240 მლ კეფირი
  • საკვები წითელი საღებავი
  • 1 ჩკ სოდა
  • 1 სკ ძმარი

კრემი:

  • 3 კვერცხის ცილა
  • ¾ ჭიქა (250 მლ) შაქარი, დაახლოებით 170 გ
  • ¾ ჭიქა (250 მლ) ფქვილი, დაახლოებით 110 გ
  • 500 მლ ცხელი რძე
  • 250 მლ ოთახის ტემპერატურის რძე
  • 200 გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 ჩკ კონიაკი

მომზადება:

ღუმელი 175 გრადუსზე გაახურეთ.

ორ მრგვალ ფორმას 24 სმ დიამეტრით ან ორ გულის ფორმის ყალიბს ჩაუფინეთ ქაღალდი.

ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაო ერთად გაცერით.

კარაქი და შაქარი ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე და კვერცხებიც ერთმანეთის მიყოლებით შეათქვიფეთ.

კეფირს შეურიეთ საკვები წითელი ფერის საღებავი. არსებობს განსხვავებული ინტენსივობის და  სახის საკვები საღებავები: ფხვნილის, სითხის და პასტის სახით. საღებავის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ ცომის ფერის მიხედვით. გამზადებული ცომი უნდა იყოს წითელი ფერის. თუ ფერი ბაცი მოგეჩვენებათ, ცოტა კეფირში გახსენით დამატებითი რაოდენობის საღებავი და დაამატეთ ცომს.

ფქვილის ნარევი და შეფერილი კეფირი მონაცვლეობით დაამატეთ კვერცხიან მასას და კარგად ურიეთ. ბოლოს სოდას შეურიეთ ძმარი, დაასხით ცომს და კარგად შეურიეთ. ცომი მაშინვე გაანაწილეთ ორ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

Roter Samtkuchen

გამომცხვარი ბისკვიტები ფორმაშივე შეაგრილეთ და დადეთ ცხრილზე მთლიანად გაცივებამდე. უკეთესია, ბისკვიტი ერთი ღამე მაცივარში დატოვოთ, უკეთესად იჭრება.

კრემს მოამზადებთ შემდეგნაირად:

გააცხელეთ 500 მლ რძე. კვერცხის ცილები ათქვიფეთ სქელძირიან ქვაბში შაქართან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. გაცრილი ფქვილი და ოთახის ტემპერატურის რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად გათქვიფეთ. ცხელი რძე ნელა ჩაასხით კვერცხის ნარევში და განიწყვეტლივ ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. პირველი ბუშტების გამოჩენისთანავე კრემი მზადაა. კრემს ზედაპირზე მჭიდროდ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი, ისე, რომ ზედაპირს ყველგან ეხებოდეს (დაათვალიერეთ კრემის მომზადების და ტორტის მორთვის სურათები სადღესასწაულო ტორტის რეცეპტში). ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული კრემი ათქვიფეთ მიქსერით, ცაკლე ათქვიფეთ გათეთრებამდე ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეურიეთ კრემს, დაამატეთ ვანილიანი შაქარი, კონიაკი და კიდევ კარგად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

ტორტის მორთვა:

მთლიანად გაცივებული ან ღამეგამოვლილი ბისკვიტები გაჭერით ორ ჰორიზონტალურ ნაწილად. ფენები კრემით შეაერთეთ, გვერდებზე და ზედაპირზეც წაუსვით საკმარისი რაოდენობით და მორთეთ სურვილისამებრ. მე მოვრთე შაქრის პასტისაგან გაკეთებული ვარდებით. პასტა მზა ვიყიდე და ვარდები და ფოთლები გავაკეთე.

Roter Samtkuchen

კრემის ეს რაოდენობა საკმარისია ოთხი ფენის, გვერდების და ზედაპირის დაფარვისათვის. თუ შპრიცით ფორმებით მორთვას აპირებთ, მაშინ კრემი 4 ცილით და 1 ლ რძით მოამზადეთ (დანარჩენი მასალა გადაიანგარიშეთ).

გამზადებული ტორტი სუფრაზე მიტანამდე რამოდენიმე საათი მაცივარში შეინახეთ.

Roter Samtkuchen

მიირთვით გემრიელად თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *