მაჭარი (ემიგრანტული)
მაჭარი თუ გენატრებათ, შეგიძლიათ ძალიან ადვილად თქვენს სამზარეულოში მოამზადოთ ისე, როგორც ჩემმა შვილმა, გვანცამ მოამზადა. მოამზადეთ, მაცივარში შეინახეთ და რამოდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენეთ.
მასალა:
თეთრი ან წითელი ყურძენი, რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.
მომზადება:
ყურძენი გარეცხეთ, დამარცვლეთ და გარეცხეთ. მიქსერში მსუბუქად გათქვიფეთ (დაწურეთ ).
დაწურული ყურძენი მინის ქილაში მოათავსეთ (ქილა ბოლომდე არ შეავსოთ), სახურავი დააფარეთ, არ მოახრახნოთ და 1-2 დღე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. ყურძენი თანდათანობით დუღილს დაიწყებს და სამზარეულოში მარნის სუნი დატრიალდება. ყურძნის წვენს პერიოდულად გაუსინჯეთ გემო. როცა დაწურული ყურძენი მაჭრის გემოს მიიღებს, წმინდა საწურში გაწურეთ, სუფთა ქილაში ჩაასხით და თავდახურული (სახურავი მჭიდროდ არ მოახრახნოთ) მაცივარში შეინახეთ.
მიირთვით გემრიელად!