კრეპი სოკოს შიგთავსით
ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი – კრეპი სოკოს შიგთავსით.
ძალიან უხდება ასევე ადვილად მოსამზადებელი ნაღების სოუსი. სცადეთ, მოგეწონებათ.
მასალა დაახლოებით 20 კრეპისათვის:
ცომი:
- 4 კვერცხი
- 400 მლ რძე
- 1 სკ დამდნარი კარაქი
- 300 გ ფქვილი
- ¼ ჩკ მარილი
სოკოს შიგთავსი:
- 1 კგ ქამა სოკო
- 1-2 თავი ხახვი
- 1-2 კბილი ნიორი
- 2-3 სკ ზეთი
- ცოტაოდენი ქინძი, დაჭრილი
- მარილი და პილპილი
ნაღების სოუსი:
- 200 გ ნაღები
- მარილი, პილპილი და ქარი (Curry)
მომზადება:
სოკოს შიგთავსი:
სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაასუფთავეთ, გაფცქვენით, ფეხი რამოდენიმე მილიმეტრზე გადაჭერით და თხელ ნაჭრებად დაჭერით.
დიდ ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად მოშუშეთ, სოკო ჩაამატეთ და ზომიერ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა. სოკო რომ მორბილდება, მარილით, პილპილით და ქინძით შეკმაზეთ.
ნაღების სოუსი:
პატარა ქვაბში ჩაუშვით ნაღები, შეკმაზეთ მარილით, პილპილით და ქარით. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ცომი:
გათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე, დაამატეთ კარაქი და მარილი. ფქვილი და რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. დაიწყეთ ფქვილით. ცომი 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
კრეპის ავტომატი ზომიერად გააცხელეთ და დაასხით დაახლოებით 50 მლ ცომი. თ- მაგვარი სველი ხის ჩხირით ცომი გადაანაწილეთ წრიული მოძრაობით და მიეცით წრის ფორმა.
ზედაპირი რომ შეიკვრება და კრეპის ქვედა მხარე ფერს ოდნავ შეიცვლის, გადააბრუნეთ.
კრეპის ნახევარზე მაშინვე დადეთ 1-2 სკ სოკო და აცალეთ, ვიდრე კრეპის ქვედა მხარეც ოდნავ შეიფერება.
მეორე (თავისუფალი) ნაწილი გადმოკეცეთ, კიდევ ერთხელ გადაკეცეთ, დიდი კულინარული ნიჩბით თეფშზე გადაიღეთ და მოასხით ნაღების სოუსი.
მიირთვით თბილი.
კრეპი შეგიძლიათ სქელძირიან ტაფაშიც მოამზადოთ. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: მორჩენილი ცომი და სოკო მაცივარში შეინახეთ კარგად თავდახურული და შემდეგ დღეს გამოიყენეთ.