ჩიას და ნიგვზის სრულმარცვლოვანი პურები

On 23/05/2016 by letusc

ჩიას და ნიგვზის სრულმარცვლოვანი პურები შაბათ-კვირის საუზმისათვის გამოვაცხვე. მიყვარს საუზმეზე სტუმრების დაპატიჟება. დრო თუ გამოვნახე, საუზმის სტუმრებისათვის პურს თავად ვაცხობ ხოლმე. ძალიან მიყვარს გემრიელი და ჯანსაღი საუზმე გემრიელი პურით და ასევე გემრიელი მარილიანი თუ ტკბილი პროდუქტით. გამოვიყენე ნიგვზიანი სრულმარცვლოვანი პურის ცომი და დავამატე ჩიას თესლი (Salvia hispanica). ჩიას თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, რკინით, კალციუმით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმით და სხვა არაორგანული ელემენტებით. მას სუპერ-საკვებსაც (Superfood) ეძახიან. ჩიას ნეიტრალური გემო აქვს და ამის გამო შეგიძლიათ მარცვლები ნებისმიერ საკვებს დაამატოთ, გაზარდოთ მისი კვებითი ღირებულება ისე, რომ ამ საკვების გემო არ შეიცვლება. ჩიას გამოყენების დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეკომედირებულია დღეში მხოლოდ 1-2 სკ მარცვლების მიღება.
აუცილებლად სცადეთ ამ უგემრიელესი და ჯანსაღი პურების გამოცხობა, გააოცეთ ოჯახის წევრები და სტუმრები. Smile

 

Chia - Walnuss Vollkornbrötchen

 

 

მასალა 10 პატარა პურისა და 1 ჩიაბატასათვის:

  • 250 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 250 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
  • 1 სკ მშრალი საფუარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 100 გ ნიგოზი
  • 2 სკ ჩიას თესლი
  • დაახლოებით 450-500 მლ ნელ-თბილი წყალი
  • ცოტაოდენი გოგრის თესლი, მზესუმზირა, ნიგოზი, სეზამი ან სელის თესლი დეკორაციისათვის

მომზადება:

ფქვილი, საფუარი, ჩია და მარილი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით, ვიდრე კარგად არ ამოფუვდება, ან ცომი მოზილეთ ძილის წინ და დილამდე შეინახეთ მაცივარში.
საცხობ ფურცელს ქაღალდი დააფინეთ.
გაფუების შემდეგ ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ, დატეხილი ნეგოზი დაამატეთ და გადაზილეთ. ცომისაგან გააკეთეთ სასურველი რაოდენობის გუნდები ან ჩიაბატა. დააწყვეთ მომზადებულ საცხობ ფურცელზე. გაითვალისწინეთ, რომ პურები ცხობისას გაფუვდება, ამიტომ გუნდებს შორის ადგილი დატოვეთ. პურების ზედაპირი ფუნჯით დაასველეთ და მოაფრქვიეთ მზესუმზირა, ან გოგრის ან/და სელის თესლი, ან ჩია, ან დაადეთ ნიგვზის ნახევარი ლებანი.
პურებს ისევ გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და 15 წუთი გააჩერეთ.
ღუმელი 200-220 გრადუსზე ზედა და ქვედა ცეცხლის რეჟიმზე გაახურეთ, ღუმელის ძირზე დადგით მეტალის ჭურჭლით წყალი და შედგით პურები შუა თაროზე გამოსაცხობად. ცხობის პროცესში წყალი ორთქლდება და პური უკეთესად ფუვდება. აცხვეთ 30-45 წუთი. პურის გამოცხობისას გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები.

 

Chia Walnuss Vollkornbrötchen

 

 

Chia - Walnuss -brötchen
ჩიას და ნიგვზის სრულმარცვლოვანი პურები ცხრილზე გააცივეთ. უგემრიელესია თბილ-თბილი კარაქთან ერთად, ძალიან უხდება ავოკადო, ყველი, ჯემები და მურაბები.

 

Chia-Walnuss- Vollkornbrötchen

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *