ჩიას და სელის ჩიაბატა

On 10/09/2016 by letusc

გაგაცნობთ კიდევ ერთ სასარგებლო და ძალიან გემრიელი პურის რეცეპტს – ჩიას და სელის ჩიაბატას [tʃaˈbat-ta].
თუ დრო გამოვნახე, შაბათ-კვირის საუზმისათვის პურს თავად ვაცხობ ხოლმე. პური უნდა იყოს ჯანსაღი და გემრიელი. პურის გამოცხობა სულაც არ არის რთული, მხოლოდ მშრალი და სველი მასალის თანაფარდობის სწორად შერჩევაა საჭირო, ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ღუმელის თავისებურებები. თუ პური საუზმისათვის გჭირდებათ, შეგიძლიათ ცომი საღამოს მოზილოთ, ღამით მაცივარში შეინახოთ და დილით გამოაცხოთ. ჩიას და სელის ჩიაბატა გამოვაცხვე იფქლის ფქვილით, რომელსაც სელის და ჩიას თესლი (Salvia hispanica) დავამატე. ჩიას თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, რკინით, კალციუმით, ანტიოქსიდანტებით, მაგნიუმით და სხვა არაორგანული ელემენტებით. მას სუპერ-საკვებსაც (superfood) ეძახიან. ჩიას გამოყენების დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეკომედირებულია დღეში მხოლოდ 1-2 სკ მარცვლების მიღება.
სელის თესლი შეიცავს გაუჯერებელ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას, ასევე B1, B2, B6 ვიტამინებს, ცილებს, ნიკოტინის და ფოლიუმის მჟავას და მრავალ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
ჩიას და სელის ჩიაბატა უგემრიელესია თბილ-თბილი კარაქთან ერთად, ძალიან უხდება ავოკადო, ყველი, ჯემები და მურაბები.

Chia-Leinsamen Ciabatta

მასალა 2 ჩიაბატასათვის:

  • 250 გ იფქილის ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
  • 250 გ იფქილის ან ხორბლის თეთრი ფქვილი
  • 1 სკ მშრალი საფუარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 100 გ მზესუმზირა
  • 50 გ სელის თესლი
  • 2 სკ ჩიას თესლი
  • დაახლოებით 450-500 მლ ნელ-თბილი წყალი
  • ცოტაოდენი მზესუმზირა, ჩია, სეზამი ან სელის მარცვლები დეკორაციისათვის

მომზადება:

ფქვილი, საფუარი, ჩია, სელი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, თანდათანობით ჩაამატეთ ნელთბილი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი მანამდე ზილეთ, ვიდრე ჯამის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას დადგით, ვიდრე კარგად არ ამოფუვდება, ან ცომი მოზილეთ ძილის წინ და დილამდე შეინახეთ მაცივარში.
ცომი რომ გაფუვდება, საცხობ ფურცელს ქაღალდი დააფინეთ და ღუმელი 200-220 გრადუსზე ზედა და ქვედა ცეცხლის რეჟიმზე გაახურეთ, ღუმელის ძირზე დადგით მეტალის ჭურჭლით წყალი.
გაფუების შემდეგ ცომს, მზესუმზირა დაამატეთ და გადაზილეთ. შემდეგ ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ. ცომისაგან გააკეთეთ 2 ჩიაბატა, ან გვირგვინი და ჩიაბატა და დააწყვეთ მომზადებულ საცხობ ფურცელზე. გაითვალისწინეთ, რომ პურები ცხობისას გაფუვდება, ამიტომ მათ შორის ადგილი დატოვეთ. პურების ზედაპირი ფუნჯით დაასველეთ და მოაფრქვიეთ მზესუმზირა, სელის თესლი, ჩია ან სეზამის მარცვლები, თუ გნებავთ, მხოლოდ ფქვილი.

Chia-Leinsamen -Ciabatta
შედგით პურები შუა თაროზე გამოსაცხობად. ცხობის პროცესში წყალი ორთქლდება და პური უკეთესად ფუვდება. აცხვეთ 30-45 წუთი. პურის გამოცხობისას გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები.

P1190454
ჩიას და სელის ჩიაბატები ცხრილზე გააცივეთ.

მიირთვით გემრიელად!

Chia-Leinsamen Kranz

P1190452

Chia-Leinsamen Brötchen

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *